სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 7.75 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2.01 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემს 14.2%-ით აღემატება. იმპორტმა კი 5.74 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა.
შედეგად, 2025 წლის იანვარ-აპრილში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 3.73 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.
რაც შეეხება უშუალოდ აპრილის თვეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 616.8 მილიონი აშშ დოლარი, იმპორტი კი თითქმის 1.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
როგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მაისს გამოქვეყნდება.