სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, არადეკლარირებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე, სავაჭრო ბრუნვამ 18.54 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია.
აქედან ექსპორტის მოცულობამ 5.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდის დინამიკით 7.7%, ხოლო იმპორტმა 13.39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.7%-იანი ზრდაა.
შედეგად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 8.24 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ს შეადგენს.
უშუალოდ სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.14 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი – 703 მილიონი, ხოლო იმპორტი 1.44 მილიარდი იყო.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდება.