საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში 2021 წლის ივლისში ინფლაციის მონაცემები გამოაქვეყნა. წინა თვესთან შედარებით, ივლისში ინფლაციის დონემ 1.3%-იანი ცვლილება განიცადა. წლიური ინფლაციის დონემ კი 11.9% შეადგინა.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლის ფასების პროცენტული ცვლილება თითქმის თანაბარია. სტაბილური ვითარება შეიმჩნევა მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტულ ცვლილებაშიც. ყველაზე მნიშვნელოვნად ფასების ცვლილება სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს შეეხო. ივნისის თვესთან შედარებით ამ საქონლის ინფლაციამ ივლისში 3.2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად დიდია ყველა სხვა საქონელსა თუ მომსახურებაზე. სურსათის შემდეგ, ინფლაციის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სატრანსპორტო მომსახურებაში ფიქსირდება და ის 1.4%-ს შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ ივლისში ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი, -2.2% აქვს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს.
ივლისის ინფლაციაში 0.08%-იანი წვლილი შეიტანა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების სფერომ. ამ უკანასკნელის ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 1.2% შეადგინა, რაც დიდი ალბათობით, გამოწვეულია ტურისტული სეზონითა და შვებულებების მოახლოვებით.
საინტერესოა ისიც, რომ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების პროცენტულმა ცვლილებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წლიური ინფლაციის მაჩვენებელზეც, რომელიც 11.9%-ია. ზემოთ აღნიშნული საქონლის გავლენამ კი ამ უკანასკნელზე 14.1% შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო ინფლაციის დონე, თითქმის, თანაბარია 2020 წლის მაჩვენებელთან.