საქსტატი: საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქსტატი: საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქონლით საგარეო ვაჭრობის 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები წარადგინა. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით გაიზარდა და 8.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9% შეადგინა, რაც $3.4 მილიარდს უდრის. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26%-ით გაიზარდა ექსპორტი და $2.6 მილიარდი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 20.7%-ით იმატა და $6.1 მილიარდს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 77,7% შეადგინა, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები კი კვლავ ჩინეთი ($421.8 მლნ), რუსეთი ($377.1 მლნ) და აზერბაიჯანი ($347 მლნ) არიან. ექსპორტის მსგავსად არ შეცვლილა უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეული და მას ისევ თურქეთი ($1.07 მლრდ), რუსეთი ($634 მლნ) და ჩინეთი ($519 მლნ) წარმოადგენენ. ასევე, საკმაოდ მაღალია ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი, რომელიც საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8%-ს შეადგენს.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები მეზობელი ქვეყნები თურქეთი და რუსეთი არიან, მესამე ადგილს კი ჩინეთი იკავებს. აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სიაში შეერთებული შტატებია წარმოდგენილი, თუმცა, მისი პროცენტული წილი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%-ით შემცირდა და 6.4% შეადგინა.

2021 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე უცვლელად სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $517.9 მლნ-ით, რაც მთელი იმპორტის 19.8%-ია. მეორე და მესამე ადგილებზეა მსუბუქი ავტომობილები $293.4 მლნ-ით და ფეროშენადნობები $265.5 მლნ-ით. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის ლიდერი კი მსუბუქი ავტომობილებია, $547.6 მილიონით, შესაბამისად მთლიანი იმპორტის 9%. შემდგომ მოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები $492.1 მლნ (8.1%) და სპილენძის მადნები და კონცენტრატები $445.9 მილიონი (7.3%).