საქსტატი: სექტემბერში მშენებლობა წლიურ ჭრილში 4.7%-ით გაძვირდა

საქსტატი: სექტემბერში მშენებლობა წლიურ ჭრილში 4.7%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 4.7%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში სექტემბერში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, 2024 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 5.9%-ით.

სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში უმნიშვნელო, 0.01%-იანი კლება აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი – 1.7%-იანი მატება.

წყარო: საქსტატი

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, თვიურ ჭრილში ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6%-იანი შემცირებით იყო განპირობებული, რამაც -0.23 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში ზრდა, „გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.2-პროცენტიანი ზრდით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.29 და 0.34 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 24.8%-ით არის გაზრდილი.