სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8%-ით, 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში იყო და 4 400.4 ლარი შეადგინა. წლიურად ამ სექტორში ხელფასი 5.4%-ით გაიზარდა.
მეორე ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია, სადაც საშუალო თვიურმა ხელფასმა 4 074.1 ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.2%-იანი ზრდაა.
მაღალი ანაზღაურებით გამოირჩეოდა ასევე მშენებლობის სექტორი – 3 496.6 ლარი. ამ მიმართულებით საშუალო ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა.
პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში საშუალო ხელფასმა 3 304.8 ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.3%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის II კვარტალში კაცების საშუალო თვიური ხელფასი 2 856.4 ლარი იყო, ქალების – 1 927 ლარი. შესაბამისად, კაცების საშუალო ხელფასი ქალების მაჩვენებელს 929.4 ლარით აღემატებოდა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქალების საშუალო ხელფასი 157.5 ლარით, ანუ 8.9%-ით გაიზარდა, კაცების კი – 200.5 ლარით, ანუ 7.6%-ით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო ხელფასი ყველა სექტორში აჭარბებდა ქალების მაჩვენებელზე.
სამეწარმეო, ანუ ბიზნესსექტორში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 153.8 ლარით, 6.6%-ით გაიზარდა და 2 471.5 ლარი შეადგინა.
ბიზნესსექტორში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით დაფიქსირდა – 4 463.9 ლარი, რაც წლიურად 5.2%-იანი ზრდაა. პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში საშუალო ხელფასი 3 693 ლარი იყო და წლიურად 7.3%-ით გაიზარდა.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2 239 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215 ლარით, ანუ 10.6%-ით მეტია. ამ სექტორში საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს ჰქონდათ.









