საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2,212 ლარამდე გაიზარდა

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2,212 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ 2025 წლის II კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც საქსტატი წერს, აღნიშნულ პერიოდში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 10.3%-ით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემოთავაზებული დიაგრამიდან ჩანს, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირებულია. მაშინ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარს გაუტოლდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია: 4 176.5 ლარი (+5.4% წლიურად)

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა: 3 732.2 ლარი (+2.5%)

  • მშენებლობა: 3 467.7 ლარი (+17.7%)

  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა: 2 995.3 ლარი (+4.3%)

2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 655.8 ლარი იყო. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალების შემთხვევაში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცების შემთხვევაში – 242.3 ლარი (10.0%). აქვე აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აჭარბებდა ქალების ხელფასს.

იხილეთ ასევე: საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა – რატომ?