საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.
2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა.
გასულ წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი შემცირდა მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0% შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 11.5% (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 8.0% (-2.5 პროცენტული პუნქტი).
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2%-ს შეადგენს.
წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლებისა და მთლიანი სახსრების მიხედვით და შესაბამისად 0.36 და 0.37 შეადგინა, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა.
ცნობისთვის, ჯინის ინდექსი (ინგლისურად Gini Index) არის მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელი. ინდექსის კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს. 0 ნიშნავს შემოსავლების სრულად თანაბრად გადანაწილებას, ხოლო 1 მაქსიმალურად არათანაბრად გადანაწილებას. თუ კოეფიციენტი 1-თან ახლოსაა, ეს ნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი ადამიანები მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის დიდ წილს იღებენ.