საქსტატმა 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევით სამუშაოების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

საქსტატმა 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევით სამუშაოების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში კვლევებისა და დამუშავებების შესახებ გამოკვლევა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებს ჯამში სულ 63 დაწესებულება ახორციელებდა. აღნიშნული დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.2%-ით გაიზარდა და 171.0 მილიონ ლარს გაუტოლდა.

გაიზარდა კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რაოდენობაც, შესაბამისად 7.5%-ით და 15,099-ს მიაღწია – მათგან 12,991 პირს უშუალოდ მკვლევრები წარმოადგენდნენ. გენდერული გადანაწილებით, მკვლევართა უმეტესობას – 53.9%-ს ქალები, ხოლო 46.1%-ს მამაკაცები შეადგენენ.

საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, მკვლევართა 68.8% ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს, 28.6% მაგისტრია (ან მასთან გათანაბრებული), 2.8% კი – ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

ასაკის მიხედვით გადანაწილებისას, მკვლევარი ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 22%, 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, მამაკაცების შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 65 წლის ან უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს (საერთო რაოდენობის 26.4%). აღსანიშნავია, რომ ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში, მკვლევართა 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე შესაბამისად მათი საერთო რაოდენობის 7.4% და 9.1% მოდის.

ცნობისთვის, მკვლევართა უდიდესი ნაწილი – 3,167 კაცი (24.4%) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, ყველაზე მცირე კი – 472 პირი (3.6%) სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით. ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნებაზე მკვლევართა 20.5% მოდის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე – 19.9%, ინჟინერია და ტექნოლოგიაზე – 16.9%, ხოლო სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებზე – 14.6%.