საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოცხადდა. 70 წლის კონსერვატორი, რომელიც ქვეყანას 2007-2012 წლებში მართავდა, 5-წლიან სასჯელს პარიზის სამხრეთით, ლა-სანტეს ციხეში მოიხდის. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სარკოზი მეუღლესთან, კარლა ბრუნისთან ერთად მივიდა, სადაც მას მხარდამჭერები დახვდნენ.
სარკოზი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ გასულ თვეში ცნო, 1945 წელს სამხედრო ოფიცრის, მარშალ ფილიპ პეტენის დაპატიმრების შემდეგ, ქვეყნის პირველი უმაღლესი პოლიტიკური ფიგურაა, რომლის წინააღმდეგაც გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. თავად სარკოზი დანაშაულს არ აღიარებს, სასამართლო გადაწყვეტილებას კი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ლა-სანტეს ციხეში გამწესებიდან მალევე, სარკოზიმ X-ზე ვრცელი შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებდა, რომ ის შურისძიებისა და სიძულვილის მსხვერპლი იყო. „მსურს [ფრანგ ხალხს] ჩემი ურყევი ძალით განვუცხადო, რომ დღეს დილით არა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, არამედ უდანაშაულო ადამიანი დააკავეს“, – დაწერა სარკოზიმ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საფრანგეთის სასამართლომ სარკოზი დამნაშავედ გასულ თვეში, ყოფილ დიქტატორ მუამარ კადაფისთან საიდუმლო გარიგების დადების მცდელობისთვის დამნაშავედ ცნო. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისათვის, ნიკოლა სარკოზის თანაშემწეები შეეცადნენ, ლიბიის ყოფილი დიქტატორისაგან ფინანსური მხარდაჭერა მიეღოთ. მუამარ კადაფისთან აღნიშნული საიდუმლო გარიგების დადების მომენტისთვის, სარკოზი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა.
პარიზის სასამართლომ სარკოზი ყველა სხვა ბრალდებაში გაამართლა, მათ შორის კორუფციასა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების მიღებაშიც.
ნიკოლა სარკოზის ადვოკატებმა, ექსპრეზიდენტის ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. მათივე მოლოდინით, სარკოზის მოთხოვნა დაახლოებით ერთ თვეში განიხილება, ხოლო პოლიტიკოსს შობისთვის გაათავისუფლებენ.
მანამდე კი, საფრანგეთის ექსპრეზიდენტი იზოლირებულ საკანში, მარტო იქნება მოთავსებული. უსაფრთხოების მიზნით, გარე აქტივობების დროსაც, პატიმრები ერთმანეთისგან განცალკევებით არიან განთავსებულნი. საკნების ფართობი 9-დან 12 კვადრატულ მეტრამდეა, აქვს კერძო საშხაპეებიც.
სარკოზის დაკავებას გამოეხმაურა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მაკრონმა ორშაბათს განაცხადა, რომ დაპატიმრებამდე სარკოზის შეხვდა, ხოლო იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა პირობა დადო, რომ მას საპატიმროში მოინახულებდა. თუმცა მათმა განცხადებებმა მემარცხენე პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია, რომელთაც მაკრონი და დარმანენი სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს.