რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესებს ინოვაციური პლატფორმა, გადახდების მენეჯერი წარუდგინა. გადახდების მენეჯერი ერთიანი ციფრული სივრცეა, რომლის დახმარებით ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს – მერჩანტებს, რომლებიც გადახდებს იღებენ, შემოსავლების ეფექტიანად მართვის, გადახდის სხვადასხვა მეთოდის მოთხოვნისა და ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. პლატფორმის დახმარებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ონლაინ გადახდის ღილაკები ელექტრონული კომერციის ვებგვერდზე ჩასვას და საკუთარ მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვანი გზები შესთავაზოს. რაც მთავარია, მიიღოს დეტალური ანალიტიკური მონაცემები და მათზე დაყრდნობით სამომავლო განვითარების სტრატეგია განსაზღვროს.
პლატფორმაზე ბიზნესებს შეუძლიათ გადახდის ისეთი მეთოდების მოთხოვნა, როგორებიცაა ბარათით, Apple Pay ან Google Pay-ით, ბმულით, ნაწილ ნაწილ გადახდა და სხვა. მათ შორისაა სასაჩუქრე ბარათით გადახდის მეთოდი, რომლის უპირატესობებზე საქართველოს ბანკის Product Owner-ი, ანა შაქარიშვილი საუბრობს.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის უპირატესობები მერჩანტებისა და მათი მომხმარებლებისთვის
ციფრული სასაჩუქრე ბარათები საქართველოს ბანკის მობილბანკში უკვე რამდენიმე თვეა, ხელმისაწვდომია. იმ კომპანიების რიცხვი კი, რომლებიც საკუთარ მომხმარებლებს ამ პროდუქტს სთავაზობენ, საკმაოდ ვრცელია.
როგორც ანა შაქარიშვილი აღნიშნავს, ციფრულ სასაჩუქრე ბარათს არაერთი უპირატესობა აქვს როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
„სასაჩუქრე ბარათი, როგორც გადახდის მეთოდი, ერთი მხრივ, მერჩანტს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდოს გაყიდვები და მეორე მხრივ, მომხმარებელს უქმნის კომფორტს, რადგან მისი შეძენა და ადრესატისთვის გაგზავნა დისტანციურად შეუძლიათ“.
ანა ამბობს, რომ სასაჩუქრე ბარათის გამოშვების და ყიდვის პროცესი ძალიან მარტივია. მერჩანტს შეუძლია გადახდების მენეჯერში აირჩიოს სასაჩუქრე ბარათის გამოშვება მისთვის სასურველი პირობებით, საქართველოს ბანკის მობილბანკში კი იგი მომენტალურად გამოჩნდება. მისი გამოშვება, ასევე, მერჩანტ მენეჯერთან კონსულტაციით შეიძლება.
ხოლო მომხმარებელს ბარათის შეძენა მობილბანკის „ჰაბის“გვერდიდან როგორც თავისთვის, ისე სასურველი ადრესატისთვის შეუძლია. აქვეა კონკრეტული დიზაინის ბარათის შექმნისა და სასურველი ტექსტის მითითების ფუნქციონალიც.
„ვფიქრობ, მომხმარებლებს ძალიან კარგ შესაძლებლობას ვთავაზობთ. მათ სასაჩუქრე ბარათის შეძენა როგორც ნებისმიერი ანგარიშით, აგრეთვე ნაწილ ნაწილითაც შეუძლიათ.“
მას შემდეგ, რაც სასაჩუქრე ბარათს შეიძენთ, მის ადრესატს SMS შეტყობინებით სასაჩუქრე ბარათის დეტალები ეგზავნება. აღნიშნული ინფორმაცია მობილბანკშიც ხელმისაწვდომია. ციფრულ სასაჩუქრე ბარათზე დარიცხული თანხის დახარჯვა კი შესაძლებელია ობიექტში ტერმინალზე გადახდით, სრულად ან ეტაპობრივად.
როგორ შეიქმნა ციფრული სასაჩუქრე ბარათი
„სასაჩუქრე ბარათების შექმნის მიზანი იყო, მერჩანტებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, გამოეშვათ საკუთარი კომპანიის ციფრული სასაჩუქრე ბარათი, რომლის ყიდვასაც დისტანციურად მობილბანკის 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი შეძლებდა“, – განმარტავს ანა შაქარიშვილი.
იგი სასაჩუქრე ბარათით გადახდის უსაფრთხოების სტანდარტებსაც უსვამს ხაზს.
„ყოველი ტრანზაქციის დადასტურება აუცილებელია SMS კოდით, რომელიც ბარათის მფლობელს ეგზავნება. ეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს სასაჩუქრე ბარათით გადახდის უსაფრთხოებას, ასევე, რადგან სასაჩუქრე ბარათი არ არის ფიზიკური და ინახება ადრესატის ტელეფონში, მისი დაკარგვის ალბათობაც არ არსებობს.“
ანა იხსენებს, რომ ამ პროდუქტზე მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო.
„მიუხედავად იმისა რომ ბარათის გამოშვება და გამოყენება საკმაოდ მარტივი პროცესია, მის უკან საკმაოდ დიდი ძალისხმევა დევს. პროდუქტის შექმნაზე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ჩართული იყო შვიდი სხვადასხვა გუნდი. ამასთან, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მერჩანტებთან, რათა პროდუქტი და პროცესი მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო. ჩემი, როგორც Product Owner-ის როლი იყო ის, რომ ბიზნესებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო პროდუქტი შეგვექმნა, ყველა დეტალი მორგებული ყოფილიყო მათ საჭიროებებზე და დროულად მიგვეწოდებინა იგი ბაზრისთვის“.
ანა შაქარიშვილი გადახდების მენეჯერის გამორჩეულ მახასიათებლებსაც განიხილავს.
“მერჩანტად დარეგისტრირების ციფრული და მარტივი პროცესი, ნებისმიერი გადახდის მეთოდის ციფრულად მოთხოვნის შესაძლებლობა, ონლაინ გადახდების მართვის შესაძლებლობა, გადახდების ანალიტიკა – სწორედ ამ ყველაფრის დახმარებით ბიზნესებს დროისა და რესურსის მნიშვნელოვნად დაზოგვა და საქმიანობის უკეთ მართვა შეუძლიათ“.
რაც მთავარია, საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აგრძელებს ინოვაციების დანერგვას.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პროდუქტების გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. მალე ჩვენს მომხმარებლებს ძალიან საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ სასაჩუქრე ბარათებთან დაკავშირებით“, – ამბობს ანა შაქარიშვილი.