საშობაო დეკორაციები გლობალური ბიზნესია, სადაც მიწოდების ჯაჭვი კონტინენტებზეა გადაჭიმული. აღნიშნული ბიზნესი შობის დადგომამდე დიდი ხნით ადრე აქტიურდება და მასში მრავალი რგოლია ჩართული წარმოების, გადაზიდვების, გაყიდვების, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და სხვათა ჩათვლით.
საშობაო ორნამენტები, განათებები, ნაძვისხეები, სათამაშოები, სადღესასწაულო აქსესუარები თუ სხვა სახის დეკორაციები თვეებით ადრე იწარმოება შესაბამის ქვეყნებში და მიეწოდება მომხმარებლებს. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, საიდანაც გასულ წელს ყველაზე დიდი ღირებულების საშობაო დეკორაციების ექსპორტი განხორციელდა. მონაცემები დაფუძნებულია Statista-ს მაჩვენებლებზე.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საშობაო დეკორაციების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ჩინეთია. 2024 წელს ჩინეთიდან გლობალურად $5.97 მილიარდის ღირებულების საშობაო დეკორაციების ექსპორტი განხორციელდა. ჩინეთის დომინაციას ამ ინდუსტრიაში ხაზს ისიც უსვამს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-ჯერ აღემატება ამ პროდუქციის მეორე ყველაზე მსხვილ ექსპორტიორს. რეიტინგის მეორე პოზიციას კი ნიდერლანდები იკავებს, საიდანაც მსოფლიო მასშტაბით $249 მილიონის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
ჩინეთის დომინაციის განმაპირობებელია ქვეყნის საწარმოო ბაზა, დანახარჯეფექტიანობა, იაფი მუშახელი და გლობალურ საცალო გაყიდვების მიწოდების ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. ბევრისთვის საშობაო დეკორაციები პირდაპირი გაგებით ჩინური პროდუქციის სინონიმს წარმოადგენს, რაც ასევე ჩინეთის დომინაციის ინდიკატორია.
საინტერესოა რეიტინგის მოწინავე პოზიციაზე ნიდერლანდების აღმოჩენაც, რომელიც ერთი შეხედვით მკვეთრად ინდუსტრიალიზებული სახელმწიფო არ არის, სადაც შესაძლოა საშობაო დეკორაციები დაბალი დანახარჯებით აწარმოო. რეიტინგში ნიდერლანდების მეორე პოზიციას ძირითადად მისი ფუნქცია განაპირობებს, როგორც ევროპაში საშობაო დეკორაციების ლოგისტიკისა და რეექსპორტირების ჰაბი.
რეიტინგის ათეულში ხვდებიან სხვა ევროპული სახელმწიფოებიც. გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და დანია მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორები არიან, რისი მიზეზიც მათი სტრატეგიაა. ამ ქვეყნების სტრატეგია მაღალხარისხიანი, ნიშური საშობაო დეკორაციების, პრემიული განათებებისა და სათამაშოების დამზადებას ითვალისწინებს. აქ დამზადებული პროდუქცია მეტწილად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ექსპორტირდება.
აზიური სახელმწიფოებიდან რეიტინგში ჩინეთის გარდა რამდენიმე ქვეყანა მოხვდა, რაც აღნიშნულ ინდუსტრიაში ამ რეგიონის დომინაციის კიდევ უფრო განმტკიცებაზე მიუთითებს. 2024 წელს ინდოეთიდან $117 მილიონის ღირებულების დეკორაციების ექსპორტი განხორციელდა, კამბოჯიდან კი – $103 მილიონის. ეს ქვეყნები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ მწარმოებლებისათვის, რომლებიც მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციას ცდილობენ.
ათეულში ხვდებიან აშშ და მექსიკაც. აშშ-დან გასულ წელს $60 მილიონის, ხოლო მექსიკიდან $32 მილიონის ღირებულების საშობაო დეკორაციების ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული სახელმწიფოები ინდუსტრიაში რეგიონული წარმოების დომინაციის მიზანს ისახავენ, რადგან ახლომდებარე ბაზრებზე მიწოდების დანახარჯი ბევრად დაბალია.
| რეიტინგი | ქვეყანა | დეკორაციების ექსპორტი |
| 1 | ჩინეთი | $5.9 მილიარდი |
| 2 | ნიდერლანდები | $249 მილიონი |
| 3 | ინდოეთი | $117 მილიონი |
| 4 | კამბოჯა | $103 მილიონი |
| 5 | პოლონეთი | $92 მილიონი |
| 6 | გერმანია | $77 მილიონი |
| 7 | აშშ | $60 მილიონი |
| 8 | მექსიკა | $32 მილიონი |
| 9 | საფრანგეთი | $30 მილიონი |
| 10 | დანია | $30 მილიონი |
















