ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თანახმად, გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპაში საწვავის ფასები შემცირდა. A-95 მარკის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასები 0.02 ევროთი შემცირდა. 30 მაისის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 2.19 ევროთი, A-98 მარკის საწვავის საშუალო ფასი 2.38 ევროთი, ხოლო დიზელის საშუალო ფასი 1.86 ევროთი განისაზღვრა.
ცნობისთვის, ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ისლანდიაში საწვავი ევროპაში ყველაზე ძვირია. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ამ სახელმწიფოებში საწვავი 25-30%-ით უფრო ძვირია.
ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია. A-92 მარკის ბენზინის ღირებულება რუსეთში – 0.53 ევროს, A-95 მარკის საწვავის ღირებულება – 0.57 ევროს, დიზელის ღირებულება კი 0.67 ევროს შეადგენს.
შედარებისთვის, საქართველოში სხვადასხვა მარკის საწვავის ღირებულება ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ შემდეგნაირია: A-92 – 1.06 ევრო, A-95 – 1.13 ევრო, A-98 – 1.26 ევრო, დიზელი – 1.13 ევრო.
სამხრეთ კავკასიაში საწვავი ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია. A-92 მარკის საწვავი აზერბაიჯანში 0.54 ევრო ღირს, A-95-ის ღირებულება კი 1.09 ევროს შეადგენს. დიზელის ღირებულება 0.43 ევროა. სომხეთსა და თურქეთში სხვადასხვა მარკის საწვავის ღირებულება თითქმის საქართველოს მსგავსია.
უკრაინაში A-92 მარკის ბენზინი 1.19 ევრო, A-95 მარკის ბენზინი – 1.27 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1.36 ევრო, ხოლო დიზელის საწვავი 1.20 ევრო ღირს.