საწვავის ფასის ზრდის საპასუხოდ აშშ ნავთობის რეზერვებს გამოყენებას გეგმავს

საწვავის ფასის ზრდის საპასუხოდ აშშ ნავთობის რეზერვებს გამოყენებას გეგმავს

ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი ფასების საპასუხოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების (SPR) გამოყენებას და საერთაშორისო ბაზრისთვის 180 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ აშშ მსოფლიოში ყველაზე დიდ სარეზერვო სისტემას ფლობს, რომელიც 720 მილიონ ბარელამდე ნავთობსა და საწვავს მოიცავს. ის 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ შეიქმნა და მას ენერგეტიკის სამინისტრო აკონტროლებს.

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის ბრძანება ძალაში ჯერაც არ შესულა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე უკვე დაიწყო ნავთობის ფასების შემცირება. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში WTI Crude-ის ღირებულება 5.7%-ით, 100 დოლარამდე შემცირდა; Brent-ის ფასი კი 5.8%-ით, 106-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა.

ექსპერტების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, რეზერვიდან ნავთობის მიწოდება ბაზარზე ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ის არ შეიძლება ჩაითვალოს პრობლემის საბოლოო გადაჭრის გზად.

გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გადაჭრის გზად ევროკავშირის ენერგოსისტემის დივერსიფიცირების და რუსული იმპორტის ალტერნატიული მიმწოდებლებით ჩანაცვლების გზა განიხილება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *