მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი, საუდის არაბეთი, 2060 წლამდე სათბურის გაზების ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებით, სამეფო მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოს შეუერთდება, რომლებიც ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებების შეჩერებას ცდილობს.
განცხადება ნულოვან ემისიასთან დაკავშირებით გლაზგოში, COP26-ის გლობალური კლიმატის კონფერენციამდე საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საზღვრებში ემისიის შემცირების მცდელობის მიუხედავად, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა ნავთობსა და გაზში ინვესტიციების დაკლებას და ენერგეტიკულ ბაზარზე ძალაუფლების დათმობას გეგმავს.
საუდის არაბეთი ნულოვანი ემისიის მიღწევას, გარემოს დამცველი აქტივისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული სტრატეგიით გეგმავს. „ნახშირბადის წრიული ეკონომიკა“ აღდგენადი სისტემაა, რომელიც ნახშირბადის შემცირებას, ხელახლა გამოყენებას, გადამუშავებასა და ლიკვიდაციას გულისხმობს. სამეფოს განცხადებით, წიაღისეული საწვავის გამოყენების დაუყოვნებლივ შეჩერება მხოლოდ ფასების ცვალებადობას და დეფიციტს გამოიწვევს. თუმცა ისინი უერთდებიან გლობალურ ინიციატივას და 2030 წლამდე მეთანის ემისიის 30%-ით შემცირებას გეგმავენ. გარდა ამისა, 2030 წლისთვის დეგრადირებული მიწების აღსადგენად 450 მილიონი ხე დაირგვება.
ექსპერტები თვლიან, რომ მსოფლიო მასშტაბით ემისიის მკვეთრი შემცირება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რათა გლობალური დათბობის შეზღუდვა, 2015 წლის პარიზის ხელშეკრულებით განსაზღვრულ 1.5˚C-ზე შენარჩუნდეს. საუდის არაბეთი, რომელიც ნავთობის დადასტურებული მარაგების 17%-ს ფლობს, ნავთობის გლობალური მოთხოვნის 10%-ს ფარავს. სამეფოს განცხადებით, ნულოვან ემისიაზე გადასვლა ისე განხორციელდება, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს წამყვან როლს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ამაღლებაში.
2060 წლამდე ნულოვანი ემისიის მიღწევას საუდის არაბეთთან ერთად ჩინეთი და რუსეთიც გეგმავენ. რაც შეეხება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისინი მიზნობრივ თარიღად 2050 წელს ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მხრიდან წიაღისეული ნავთობის გამოყენების შემცირებასთან ერთად, საუდის არაბეთმა შემოსავლების დივერსიფიკაცია გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ წელს, ნავთობის ექსპორტიდან საუდის არაბეთი $150 მილიარდს მიიღებს.