საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში - Euromoney-ის ჯილდო თიბისის

საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში - Euromoney-ის ჯილდო თიბისის

პირველად საქართველოში, მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney-იმ საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება გამოავლინა. ჯილდო თიბისის ერგო, რაც ხაზს უსვამს, რომ თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უახლეს საბანკო ტენდენციებს ნერგავს და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამას ადასტურებს „თიბისი WM“-ისა და „თიბისი კონცეპტის“ მიერ ბოლო წლებში მიღწეული შედეგებიც. მორიგ საერთაშორისო წარმატებასა და გეგმებზე, Forbes Georgia-სთან თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ნინო სტურუამ ისაუბრა.

რას ნიშნავს Euromoney-ის ჯილდო TBC WM-ის მომხმარებლებისთვის?

Euromoney-ის ჯილდო კიდევ ერთი დასტურია ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომ ისინი მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებულ, რეგიონში საუკეთესო მომსახურებას იღებენ.

ჩვენს წარმატებას ჩვენი გუნდის წევრები და ჩვენი მომხმარებლები ქმნიან. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი გუნდის წევრებს, ვინაიდან ეს წარმატება სწორედ მათი ყოველდღიური შრომისა და მონდომების შედეგია. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისა და პარტნიორობისთვის.

გვეამაყება, რომ ჩვენი მომხმარებლების 75%-ზე მეტთან საშუალოდ ხუთი წელია, ვთანამშრომლობთ. მათი ლოიალობა და ერთგულება ჩვენ მიმართ, გვიქმნის მოტივაციას, რომ მათი სამომხმარებლო გამოცდილება და კმაყოფილება წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

ჩვენ ვიაზრებთ, რომ 21-ე საუკუნის მუდმივად ცვალებად გარემოსა და ცხოვრების აჩქარებულ ტემპში, ადამიანებისთვის ყველაზე პრიორიტეტული დრო და სიმარტივეა. სწორედ თანამედროვე ადამიანის ამ საჭიროებებზეა მორგებული თიბისის მისია – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და მათ ყველა ის შესაძლებლობა შევთავაზოთ, რომელიც პირადი თუ საქმიანი მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.

თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ გლობალურ ტრენდს მიჰყვებით. რა ტენდენციები იკვეთება მსოფლიოში WM-მომსახურების მიმართულებით?

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ ათწლეულში, მსოფლიო მასშტაბით, 40-60 ტრილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მფლობელებს შეიცვლის და ის Baby Boomer-ების წარმომადგენელი კლიენტების თაობიდან, ნელ-ნელა Gen X-ისა და Millennial-ის თაობების შვილების მფლობელობაში გადავა. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ WM მომხმარებლების ახალ თაობას სრულიად განსხვავებული საჭიროებები და ხედვა ექნებათ და ამის შესაბამისად უნდა ტრანსფორმირდეს WM-ინდუსტრიაც.

თქვენი დაკვირვებით, რა სურს WM-მომხმარებლების ახალი თაობას?

WM-ის მომხმარებლების ახალი თაობა მუდმივად ეძებს დაგროვებისა და ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს, რაც სულ უფრო ნაკლებად გულისხმობს დეპოზიტებსა და ტრადიციულ საბანკო პროდუქტებს. ასევე, სწრაფად განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიების პარალელურად, მომხმარებლები სულ უფრო მეტად ელიან ჩვენგან ციფრულ და მარტივ გადაწყვეტებს.

მომხმარებლების თაობებთან ერთად, იცვლება მათი ღირებულებებიც და ინტერესებიც. უახლესი საერთაშორისო ტენდენციების თანახმად, WM-ის მომხმარებლების ახალი თაობისთვის საინტერესო თემა ფილანთროპია და საზოგადოების წინაშე ბიზნესების პასუხისმგებლობაა. ისინი უკვე WM-ბანკირებისგანაც ელიან რეკომენდაციებსა და რჩევებს ფინანსების ქველმოქმედებაში ინტეგრირების შესაძლებლობების შესახებ. ასევე სულ უფრო აქტუალური ხდება ESG-მიმართულება და დაგროვილი კაპიტალის მართვის კლიენტების პორტფელებში იზრდება მწვანე და ეთიკური ინვესტიციების წილი.

საინტერესოა, ყველაზე ხშირად რომელი პროდუქტებით სარგებლობენ თქვენი მომხმარებლები?

გამიჭირდება, გამოვყო ერთი პროდუქტი, ვინაიდან ჩვენი მომხმარებლები აქტიურად იყენებენ როგორც საბანკო (დეპოზიტი, ბარათი, ციფრული ბანკი და ა.შ.), ასევე სადაზღვევო და საინვესტიციო პროდუქტებს. საინვესტიციო პროდუქტების მიმართულებით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ამერიკის სახაზინო ობლიგაციებზეა.

ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც „თიბისი კაპიტალთან“ ერთად, მათთვის ინდივიდუალური შეხვედრები დანერგეთ?

საქართველოში თანხის ალტერნატიული გზებით დაბანდების ტენდენცია დეპოზიტებზე დაწეულმა განაკვეთებმა დააჩქარა. შედეგად, ადამიანებს ინტერესი გაუჩნდათ საინვესტიციო პროდუქტების მიმართ.

ჩვენი მომხმარებლების მხრიდან, საინვესტიციო კუთხით დაინტერესება განსაკუთრებით მზარდია ბოლო ორი წლის განმავლობაში. მაგალითად, 2022 წელს თუ შევხედავთ, TBC WM-ის ჯამური პორტფელის ზრდაში 50% საინვესტიციო პროდუქტებზე მოდიოდა. „თიბისი კაპიტალში“ საბროკერო მიმართულებით აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა, TBC WM-ის კლიენტების საინვესტიციო პორტფელი კი გასამმაგდა. პორტფელის მოცულობა ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან ჩვენი მხრიდან ისევ გრძელდება მომხმარებლებთან ინდივიდუალური შეხვედრები. ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებსა და მიზნებს და მაქსიმალურად მათზე მორგებულ შეთავაზებებს ვქმნით.

2023 წელი თქვენი მომხმარებლებისთვის სიახლეებით დაიწყეთ. მათ მეტალის ბარათები შესთავაზეთ. როგორია ამ კუთხით მომხმარებლის უკუკავშირი?

დიახ, 2023 წელი ექსკლუზიური სიახლით დავიწყეთ. თიბისის 30 წლის იუბილეს ფარგლებში, Visa-სთან თანამშრომლობით, ლიმიტირებული რაოდენობის მეტალის ბარათი Visa Infinite-ი შევქმენით. უმაღლესი კლასის პრემიუმ-ბარათს საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება და ის გამორჩეულ სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის. ლაზერით ინდივიდუალურად დამუშავებული ლითონის ბარათი უნიკალური დიზაინით გამოირჩევა და მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს: ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს, ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. უკუკავშირმა გვიჩვენა, რომ მეტალის ბარათებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა.

3,2 მლრდ ლარის მართული აქტივები, 3000-მდე მომხმარებელი, 70-მდე ქვეყნის მოქალაქე – ეს არის TBC WM-ის შედეგები ამ დრომდე. რა რიცხვებზე აპირებთ გასვლას წლის ბოლომდე?

როგორც ყოველ წელს, 2023-შიც ამბიციური გეგმები გვაქვს, თუმცა კონკრეტული რიცხვების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენი წლევანდელი მიზნები, ბუნებრივია, როგორც AUM-ის (მართული აქტივების) მნიშვნელოვან გაზრდას, ასევე WM-კლიენტებისთვის ახალ პროდუქტებსა და საინტერესო საერთაშორისო შეთავაზებებს გულისხმობს.

S