გამოსაშვები ღონისძიებების პერიოდი მოახლოვდა და ტრადიციულად, წელსაც კურსდამთავრებულებს სიტყვით არაერთმა წარმატებულმა და ცნობილმა სახემ მიმართა. წლევანდელი გამორჩეული მომხსენებლები გამოსვლისას რიგ საკითხებს შეეხნენ და მათ მიერვე გამოვლილ სიძნელეებზე საუბრისას, კურსდამთავრებულებს საკუთარი სიმართლის დაცვისკენ მოუწოდეს. იყო რჩევებიც, მათ შორის ისეთიც, რომელთაც თავად ბილ გეიტსი მოისმენდა თავის გამოსაშვებ ცერემონიალზე, რომელიც არასდროს არ ჰქონია, რადგან 1975 წელს ჰარვარდი მიატოვა და Microsoft-ი დააარსა.
წარმოგიდგენთ საუკეთესო კარიერულ რჩევებს წლევანდელი გამოსაშვები ცერემონიების მომხსენებლებისგან, რომლებიც ყველასთვის, ნებისმიერ კარიერულ ეტაპზე შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.
ოპრა უინფრი
აღმასრულებელი დირექტორი, Oprah Winfrey Network-ი
ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 6 მაისი
თავის ალმა-მატერში სიტყვით გამოსვლისას, უინფრიმ კურსდამთავრებულებს გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენისკენ მოუწოდა და ურჩია, არასდროს უგულებელყონ შესაძლებლობები, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში მიეცემათ. „თქვენ იწყებთ საკუთარი გულის შეცნობას და ხვდებით, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემ მიერ გადადგმული თითოეული სწორი ნაბიჯი ჩემივე თავის მოსმენიდან გამომდინარეობს და მე კვლავ მივყვები ამ პატარა ხმას“, – აღნიშნა უიფრიმ. Oprah Winfrey Network-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კურსდამთავრებულებს ასევე ურჩია, არ მისცენ იმპოსტერის სინდრომს მათზე გავლენის მოხდენის საშუალება, რადგან მხოლოდ საკუთარი არსის გათვითცნობიერებით შეძლებენ მათივე მომავლის წარმართვას.
ბილ გეიტსი
Microsoft-ის თანადამფუძნებელი და ქველმოქმედი
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი, 13 მაისი
გეიტსი ერთ-ერთია იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომელმაც კოლეჯი მიატოვა, შესაბამისად, არც გამოსაშვები ჰქონია და გადაწყვიტა, კურსდამთავრებულებისთვის ის ხუთი რჩევა გაეზიარებინა, რომელთა მოსმენაც სწავლის დასრულებისას თავად ენდომებოდა. როგორც მილიარდერმა თავის ბლოგპოსტში აღნიშნა, ეს ის რჩევაა, რომელიც მას თავად შეეძლო, გამოეყენებინა.
„თქვენი ცხოვრება ერთმოქმედებიანი სპექტაკლი არაა… არ ხართ ვალდებული, ის, რასაც ხვალ ან თუნდაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში გააკეთებთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთოთ“, – განუცხადა სტუდენტებს გეიტსმა. როგორც ყოფილმა CEO-მ აღნიშნა, სკოლის მიტოვებისას ფიქრობდა, რომ Microsoft-ში სიცოცხლის ბოლომდე იმუშავებდა, თუმცა მიუხედავად პროფესიისადმი სიყვარულისა, მისი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ქველმოქმედებაა.
ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
ჰოვარდის უნივერსიტეტი, 13 მაისი / აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემია, 1 ივნისი
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, მიმდინარე წელს კურსდამთავრებულებს ორჯერ მიმართა. პირველად ჰოვარდის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის შიდა კონფლიქტებზე ისაუბრა და მას „ქვეყნისთვის ყველაზე საშიში ტერორისტული საფრთხე“ უწოდა.
ბაიდენმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, არ შეშინდნენ და არასდროს არ დანებდნენ, არა აქვს მნიშვნელობა, ისინი იქნებიან იურისტები, რომლებიც უფლებებს დაიცავენ, თუ ხელოვანები, რომლებიც კულტურას ქმნიან: „მე არ მჭირდება იმის თქმა, რომ სამართლიანობისკენ უშიშარი პროგრესი ხშირად აწყდება შემაკავებლებს ყველაზე ბოროტი ძალების მხრიდან. სიძულვილი არასდროს არ ქრება, ის კლდეების ქვეშ იმალება და მაშინ ჩნდება, როდესაც ჟანგბადს მიაწვდიან“.
საჰაერო ძალების აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებს პირველ რიგში მადლობა გადაუხადა, დანაწევრებულ სამყაროში მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავიანთი მორალისადმი ერთგულებისკენ მოუწოდა: „ცვლილებებისა და გამოწვევების მიუხედავად, თქვენი ხასიათი, თქვენი მორალური სიცხადე და შესაძლებლობები ურყევად უნდა შეინარჩუნოთ“.
სანა მარინი
ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, 17 მაისი
არჩევნებში დამარცხების შემდგომ, ფინეთის ყოფილი პრემიერი სანა მარინი, მარტში კენჭისყრით თანამდებობიდან გადააყენეს. აპრილში მარინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდანაც გადადგა და მის ცხოვრებაში „ახალი გვერდის დაწყების“ იმედი გამოთქვა. თუმცა შემოდგომაზე, მეგობრებთან ერთად გატარებული წვეულების ამსახველი ვიდეოს გავრცელების გამო, 37 წლის მარინის ადგილას საკუთარი თავი ბევრმა ქალმა ამოიცნო.
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა სტუდენტებს ურჩია, იყვნენ უშიშრები მათ განზრახვებში. „ძალაუფლების სახე და ხალხის სახე ერთი არაა, და ეს უნდა შეიცვალოს. ცვლილებები მეც მსურს, თუმცა მათ მიღწევას მარტო ვერ შევძლებ. მე მჭირდებით თქვენ, ყველა ერთად, რათა სამყარო უფრო თანასწორი, მდგრადი და სამართლიანი გავხადოთ“, – განუცხადა მარინმა კურსდამთავრებულებს.
ნიკოლ ჰანა-ჯონსი
პულიცერის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი, New York Times Magazine
სპელმენის კოლეჯი, 21 მაისი
ჰანა-ჯონსი The New York Times-ის „1619 პროექტის“ შემქმნელია – ინიციატივის, რომელიც აშშ-ის მონობის ისტორიასა და მის გავლენას იკვლევს, ამავდროულად კი ნიკოლი საკუთარ გამოცდილებებსაც აღწერს წარსულიდან, როდესაც მხოლოდ შავკანიანი ქალი იყო. „წარმატება არ ნიშნავს, რომ თქვენი საზოგადოება, რომელსაც ეკუთვნით, უნდა დაივიწყოთ“, – განუცხადა კურსდამთავრებულებს ჟურნალისტმა სიტყვით გამოსვლისას.
„წარმატების მიღწევა შესაძლებელია ისეთ ადგილებში, რომელთაც ღირებულებებსა და საკუთარ არსთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლის გარეშე, არ მივეკუთვნებით. წარმატება არ ნიშნავს, რომ შენი გარეგნობა, მეტყველება და აზროვნება კონკრეტულ ჩარჩოებში უნდა მოაქციოთ. მე თქვენ წინაშე ვდგავარ წითელი თმით, რგოლის ფორმის მასიური საყურეებით და გეუბნებით, რომ ის, თუ როგორ წარმოაჩენთ თქვენს თავს, არ არის კავშირში თქვენს ინტელექტთან, ამბიციებთან და ღირსებასთან“.
„ფოკუსირდით იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ. თქვენ ვერ გააკონტროლებთ, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, განგსჯიან ან მოგექცევიან. თუმცა შეგიძლიათ, გააკონტროლოთ საკუთარი სრულყოფილება“, – განაცხადა ჰანა-ჯონსმა სპელმენის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას.
ჰამდი ულუკაია
Chobani-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ადელფის უნივერსიტეტი, 23 მაისი
Chobani-ის დამფუძნებელს კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთგზის მიუმართავს, თუმცა ამჯერად იქ დაბრუნდა, საიდანაც შეერთებულ შტატებში მისი ახალი ცხოვრება და კარიერა დაიწყო. „თქვენ ცხოვრებაში იქნება დღეები, როდესაც ცხოვრება გაიძულებთ, რომ შეიცვალოთ“, – განუცხადა ულუკაიამ სტუდენტებს თურქეთიდან აშშ-ში მიგრაციის გახსენებისას. „არ გეუბნებით, რომ ეს საშიშია. მე ჩემი ცხოვრების ყოველ ეტაპზე მეშინოდა, თუმცა არასდროს არ დამიშვია, რომ ამ გრძნობას წინსვლაში ხელი შეეშალა. თქვენც არ უნდა გეშინოდეთ ამ გრძნობის“.
ტომ ჰენკსი
მსახიობი
ჰარვარდის უნივერსიტეტი, 25 მაისი
ჰარვარდში ჰენკსის სიტყვით გამოსვლა ერთდროულად მხიარული და სერიოზული გამოვიდა. მსახიობმა იხუმრა, რომ თავად ჰარვარდში არასდროს არ უსწავლია, გამოსვლის შემდგომ ნაწილში კი კურსდამთავრებულებს ამერიკული რწმენისა და სიმართლის დაცვისკენ მოუწოდა.
ოსკაროსანი მსახიობის განცხადებით, ყველა ზრდასრულმა ამერიკელმა „უნდა გადაწყვიტოს, გახდეს ამერიკელთა სამი ტიპიდან ერთ-ერთი: ამერიკელი, რომელიც ყველასთვის დაიცავს თავისუფლებას, ის, ვინც ამას არ გააკეთებს და მესამე, რომელიც ინდიფერენტული დარჩება აღნიშნული საკითხების მიმართ. პირველი ტიპის ამერიკელები სრულყოფილ კავშირსა და ერთიან ერს ქმნიან, დანარჩენები ხელს უშლიან“.
ჰენკსის განცხადებით, პასუხისმგებლობა თითოეულ ინდივიდს ეკისრება და წარმატება ყველასთვის, მათ შორის მისთვისაც, განსხვავებულია: „ეს სამართლიანი არ არის, თუმცა, გთხოვთ, ამ ფაქტზე ნუ გაბრაზდებით. გაწეული მუშაობის, სწავლისა და ბიბლიოთეკაში გატარებული დროის გარდა, მე არაფერი მაქვს საერთო ჰარვარდის გამორჩეულ კურსდამთავრებულებთან, თუმცა მათი განსახიერებით, საკმაოდ კარგ თანხას გამოვიმუშავებ. უბრალოდ ასე ხდება სამყაროში, ბავშვებო“.