2024 წლის მეორე ნახევარი საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკისთვის, გალტ & თაგარტისთვის მნიშვნელოვანი მიღწევით დაიწყო. საერთაშორისო პრესტიჟულმა გამოცემა Euromoney-იმ გალტ & თაგარტი ქვეყანაში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ჯილდო კიდევ ერთხელ აღიარებს და ხაზს უსვამს ბანკის ძალისხმევას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყანასა და რეგიონში კაპიტალის ბაზრის განვითარების, საბროკერო, კვლევითი, თუ კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების გაწევის კუთხით.
ამ მიღწევის შესახებ გალტ & თაგარტის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელი, თამთა გორგაძე საუბრობს.
გალტ & თაგარტი 2024 წლისთვის ქვეყნის საუკეთესო საინვესტიციო ბანკია. გაგვიზიარეთ დეტალები იმ პროექტებსა და ინოვაციებზე, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ამ აღიარების მოპოვებაში.
გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, თითქმის 30 წელია, ხარისხიან მომსახურებასთან და რეპუტაციასთან ასოცირდება. ჩვენ საკონსულტაციო, კვლევითი, საბროკერო და კაპიტალის ბაზრების მიმართულებით მომხმარებლებს დივერსიფიცირებულ სერვისებს ვთავაზობთ. ამიტომაც გვეამაყება, რომ Euromoney-ის ჯილდო სწორედ თითოეული ამ მიმართულების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
მაგალითად, საკონსულტაციო მიმართულების ფარგლებში, წინა წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ვითანამშრომლეთ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: EBRD, EU, USAID, World Bank და ა.შ. პროექტების მიზანი ადგილობრივი კორპორაციული სექტორისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მიწოდება და, ზოგადად, სხვადასხვა გზით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა იყო.
ობლიგაციების განთავსების მხრივ, ჩვენი შედეგები მარტივად ჩანს რიცხვებშიც – 2023 წელს გალტ & თაგარტი, 53% ბაზრის წილით, საჯარო თუ კერძო ემისიების მიმართულებით ლიდერი იყო. ვამაყობთ, რომ პირველი და ერთადერთი საინვესტიციო ბანკი ვიყავით 2023 წელს, ვინც ევროში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციები განათავსა. ასევე აღსანიშნავია, რომ პიონერები ვართ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების განთავსების კუთხითაც. ვამაყობთ, რომ ჩვენ განვათავსეთ მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციების პროგრამა და, ასევე, პირველი გენდერული ობლიგაცია საქართველოში.
საბროკერო მიმართულებით აღსანიშნავია კლიენტების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვა და სავაჭრო აპლიკაციების ტექნოლოგიური გაუმჯობესება. შედეგად, 2023 წელს საბროკერო მიმართულების ადმინისტრირების ქვეშ მყოფი აქტივები (AUA) 2 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც 37%-იანი ზრდა არის წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა კი გაორმაგდა და მათმა რიცხვმა 48,000 -ს მიაღწია.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ თითოეულ მომხმარებელთან, რომ მათზე მორგებული საინვესტიციო პორტფელი შევქმნათ, რომლის დროსაც ვითვალისწინებთ მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებს, მიზნებს, რისკების მიმართ ტოლერანტობას, პოტენციური შემოსავლის მიღების სიხშირეს. შედეგად, ვიღებთ დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს, რომლის აქტიურ მონიტორინგსაც ვახორციელებთ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მომხმარებლებმა დადებითად შეაფასეს ეს მომსახურება. ჩვენი გუნდისთვის კი დიდი წარმატებაა მომხმარებლის ნდობის მოპოვება და თანამშრომლობის გაღრმავება.
აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დატვირთული წელი იყო კვლევების მიმართულებითაც, 2023 წელს 100-ზე მეტი კვლევა გამოქვეყნდა, როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობ, ისე ახალ სექტორებზე. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი კვლევების გამომწერების რაოდენობა. მათი რიცხვი უკვე 10,000-ს აჭარბებს. კვლევების კუთხით ასევე უნდა გამოვყოთ USAID-თან თანამშრომლობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით და ექსპერტიზის გაძლიერება კერძო კაპიტალის, სეკურიტიზაციის და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების დანერგვის მიმართულებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ დაინტერესებულ პირებს არაერთ კონფერენციაზე ვუმასპინძლეთ, სადაც სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებულ აქტუალურ შეკითხვებს გავეცით პასუხი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გალტ & თაგარტმა Euromoney-ის ჯილდო მოიპოვა. რა არის სტრატეგიული ნაბიჯები, რომელსაც კომპანია წლიდან წლამდე დგამდა და რომელთა შედეგად ამ წარმატებას მიაღწიეთ?
დიახ, ევრომანიმ ეს ჯილდო უკვე არაერთხელ მოგვანიჭა, რითაც ძალიან ვამაყობთ. ვფიქრობ, ორგანიზაციის უწყვეტ ზრდას გუნდური მუშაობა და ინოვაციური პროდუქტების დანერგვა განაპირობებს. თითოეული მიმართულება ორგანიზაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან პოტენციურ სინერგიებზეა ორიენტირებული, რაც, საბოლოო ჯამში, გალტ & თაგარტის სწრაფ ზრდას განაპირობებს.
სხვადასხვა მიღწევას შორის თქვენ დაასახელეთ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროექტი, რომელიც გალტ & თაგარტმა EBRD-თან და ევროკავშირთან ერთად განახორციელა. ასევე ხაზი გაესვა პარტნიორობას USAID-თან. რას გულისხმობს აღნიშნული პროექტები და როგორი როლი შეასრულეს მათ გალტ & თაგარტის წარმატებაში?
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა EBRD-თან პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებით განვახორციელეთ. თითქმის ორწლიანი პროექტი მიზნად ისახავდა კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას როგორც ცნობადობის ამაღლების კუთხით, ასევე პოტენციური ემიტენტების მხარდაჭერას საგრანტო სქემის მეშვეობით. პროგრამის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: მონაწილეობის სურვილი 21-მა პოტენციურმა ემიტენტმა გამოთქვა, მაშინ, როდესაც, იმ მომენტისთვის, ბაზარზე არსებული ემიტენტების ჯამური რაოდენობა 12-ს არ აღემატებოდა. საბოლოოდ, საგრანტო პროგრამით 7 ემიტენტი დაფინანსდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და გენდერული ობლიგაციები გაეშვა. მსგავსი ESG კომპონენტის მქონე ემისიები განსაკუთრებით საინტერესოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის და აფართოებს ობლიგაციების პოტენციურ ინვესტორთა ბაზას.
USAID-თანაც არაერთი პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ, რომელთაგან აღსანიშნავია სეკურიტიზაციის პროექტი. იგი ბაზარზე სეკურიტიზაციის პროდუქტების გამოჩენის პოტენციალისა და უპირატესობების ანალიზს მოიცავდა. ასევე, საგულისხმოა ფინანსური ინოვაციების პროგრამა, რომელიც მიმდინარე პროექტია და რომლის მეშვეობითაც, ჩვენს პარტნიორთან, Palladium ჯგუფთან ერთად, ბაზარს არაერთ საინტერესო პროდუქტსა თუ მიგნებას შევთავაზებთ.
როგორც უკვე აღნიშნეთ, გალტ & თაგარტმა ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული და ESG ობლიგაციების განთავსებაში მიიღო მონაწილეობა. გაგვიზიარეთ, როგორი პროგრესია ბოლო წლებში ამ მიმართულებით და რა მაჩვენებლებით გამოირჩევა გალტ & თაგარტი?
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რასაც ინვესტორებთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად ვიღებთ და შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები.
ამ მხრივ, კაპიტალის ბაზრების მიმართულებით, გამოირჩევა მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში შერჩეულ დროსა და სხვადასხვა ვალუტაში ემიტენტებისთვის ერთზე მეტი განთავსების გაკეთების შესაძლებლობა გააჩინა. ამ პროდუქტმა გაზარდა ემიტენტების და საინვესტიციო ბანკების მოქნილობა და, შედეგად, ახალი პრაქტიკა დაამკვიდრა ადგილობრივ ბაზარზე.
მეორე მხრივ, დავამატებდი, რომ გვყავს როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი მომხმარებლების დივერსიფიცირებული წარმომადგენლობა, რაც, რა თქმა უნდა, გვეხმარება მსგავსი ინოვაციური პროდუქტის დისტრიბუციაშიც. მომხმარებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ არჩევანი ვალუტების თუ ვადიანობის მიხედვით, რათა შესაბამისად მოახერხონ ადგილობრივ კორპორატიულ ობლიგაციებში დანაზოგების ინვესტირება. ამასთან აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი ერთადერთი იყო და პირველი, ვინც ევროში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაცია მისი ექსკლუზიური ჩართულობით 2023 წელს გამოუშვა.
როგორ შეაფასებდით საინვესტიციო ლანდშაფტს საქართველოში, რა არის ის ძირითადი ტენდენციები ან გამოწვევები, რომლებიც საინვესტიციო საბანკო სექტორის წინაშე დგას?
საქართველოს საინვესტიციო ბაზრის გამოწვევების ანალიზს ჩვენ თითქმის ყველა პროექტის ფარგლებში ვახდენთ. ძირითადად, ესენია: ეკონომიკის/ბაზრის მცირე ზომა, ინსტიტუციური ინვესტორების ნაკლებობა, რეგიონული რისკები და სხვა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ვხედავთ ტენდენციას, როცა ინვესტორიც და ბიზნესის მხარეც ბევრად უფრო გათვითცნობიერებული ხდება - ინტერესდება ჩვენი კვლევებით, სამომავლო პროგნოზებით და კიდევ უფრო ნათლად ხედავს საკონსულტაციო მომსახურების ღირებულებასა და როლს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში.
როგორია გალტ & თაგარტის სამომავლო გეგმები და მიზნები?
ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება, ჩვენი მომსახურების გაფართოება და მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება. ვგეგმავთ გავაგრძელოთ გუნდური მუშაობა თითოეული მიმართულებით, რომ შედეგად მეტი ინოვაციური, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ ადგილობრივ ბაზარს, და ამასთანავე, დავამკვიდროთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიდგომები. S