ფედერალური სარეზერვო სამსახურის (FED) ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის გაფრთხილებას სავაჭრო ომის შესაძლო გავლენის შესახებ, Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე აქციების ღირებულებისა და დოლარის ვარდნა მოჰყვა. პარალელურად კი გაიზარდა ინვესტორთა დაინტერესება ოქროს მიმართ, რომელიც შედარებით საიმედო აქტივად ფასდება.
ხუთშაბათის მდგომარეობით, ერთ უნციაზე ოქროს ფასი 0.4%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს, $3,357.78-ს მიაღწია. ახალი რეკორდული ნიშნულის დაფიქსირების შემდეგ, ოქროს ღირებულება შედარებით დაეცა. თუმცა წინა დღით, უნციაზე ლითონის ფასი 24 საათში 3.5%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი ერთდღიანი მატება იყო. მიზეზი, ბოლო ექვს თვეში, დოლარის მინიმუმამდე ვარდნა გახდა.
ინვესტორთა შეშფოთება გააღრმავა პაუელის განცხადებამაც, რომ FED-ი სიტუაციის დასასტაბილურებლად დაუყოვნებლივ ქმედებებს არ მიმართავდა. ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება, ტარიფებზე ვაშინგტონის არაპროგნოზირებადი ქმედებებით ახსნა. პაუელის თქმით, არსებული გაურკვევლობის ფონზე, მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. ანალიტიკოსთა შეფასებით, პაუელის კომენტარი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ოფიციალური პირები ცენტრალური ბანკის საორიენტაციო პოლიტიკის განაკვეთის შეცვლას არ ჩქარობენ.
იმავდროულად, ტარიფების ასარიდებლად, იაპონიამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაიწყო. იაპონური მხარის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება, რადგან ქვეყნებს შეთანხმების მიღწევა 90-დღიან საშეღავათო პერიოდში სურთ. ხოლო ტრამპმა იაპონიასთან დაწყებულ მოლაპარაკებებს „დიდი პროგრესი“ უწოდა.
მიმდინარე წელს, ერთ უნციაზე ოქროს ფასი თითქმის 28%-ით გაიზარდა, რაც შარშანდელ 27%-იან მატებაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა პოტენციურ სავაჭრო ომზე შეშფოთებები გლობალური რეცესიის საფრთხესაც ზრდის. ამავდროულად კი ტრამპი ჩინეთისთვის საპასუხო ტარიფების ზრდას განაგრძობს, რაც სხვა ქვეყნებსაც აზიურ ქვეყანასთან ვაჭრობის შემცირებისკენ უბიძგებს.