აშშ-ის სავაჭრო პალატამ ტრამპის ადმინისტრაციას H-1B-ტიპის სამუშაო ვიზის შეცვლილი გადასახადის გამო უჩივლა. H-1B-ტიპის ვიზა აშშ-ში დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სექტორში უცხოელი მუშახელი დროებით დაიქირაონ და მათთვის ამერიკაში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მოიპოვონ. აშშ-ის სავაჭრო პალატის სარჩელის თანახმად, ვიზის ახალი მოსაკრებელი ამერიკულ ბიზნესებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.
უფრო კონკრეტულად, სარჩელში განმარტებულია, რომ H-1B-ტიპის სამუშაო ვიზის $100,000-იანი გადასახადი დამსაქმებლებს რეკრუტინგის ხარჯებს გაუზრდის ან იძულებულს გახდის, მაღალუნარიანი თანამშრომლები უფრო მცირე რაოდენობით დაიქირაოს. სავაჭრო პალატის განცხადებით, აღნიშნული მოსაკრებელი განსაკუთრებით დააზარალებს პატარა ბიზნესებს, რომელთაც დიდი კაპიტალი არ გააჩნიათ.
გარდა ამისა, სარჩელში აღნიშნულია, რომ „პროკლამაცია არა მხოლოდ მცდარი პოლიტიკა, არამედ უკანონობაა“ და „გადაწყვეტილება აჭარბებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას“. მათი განმარტებით, ახალი გადასახადი წინააღმდეგობაში მოდის კონგრესის მიერ დადგენილ გადასახადებთან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სავაჭრო პალატა ბიზნესორგანიზაციაა, რომელიც ამერიკულ ბიზნესებს აერთიანებს და მათ სახელმწიფოსთან პირდაპირ კომუნიკაციაში ეხმარება.
ცნობისათვის, აქამდე H-1B-ტიპის სამუშაო ვიზის მოსაკრებელი $3,600 იყო და მას დაქირავებულებისათვის დამსაქმებელი იხდიდა. ვიზის მოსაკრებლის გაზრდა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს აშშ-ის სამედიცინო, საინჟინრო, საფინანსო და ტექნოლოგიურ სექტორებზე.
აშშ-ის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დამსაქმებლებს ყოველწლიურად 65,000 ერთეული H-1B-ტიპის სამუშაო ვიზას სთავაზობს. აღნიშნული ვიზა 3-6 წლის ვადით გაიცემა. ამერიკული H-1B-ტიპის სამუშაო ვიზის ბენეფიციარების 70%-ზე მეტი ინდოეთიდანაა. აღნიშნული ტიპის ვიზებს დიდი რაოდენობით ფლობენ ჩინელი დასაქმებულებიც.