საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 337.95 მილიონი აშშ დოლარი (912.1 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 18.4%-ით (52.6 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ამ ქვეყნებს შორის მოხვდა რუსეთის ფედერაცია, რომელიც დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებით მესამე ადგილს იკავებს.
კერძოდ, გასულ თვეში რუსეთიდან საქართველოში 43.47 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაჩვენებელი წლიურად 39.10%-ით არის გაზრდილი. მთლიან გზავნილებში რუსეთის ფედერაციის წილი 12.86%-ს შეადგენს.
მაჩვენებელი გაზრდილია წინა თვესთან შედარებითაც. 2025 წლის ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 38.49 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც თვიურ ჭრილში, დეკემბრის მონაცემის თითქმის 5 მილიონი აშშ დოლარით ზრდას გულისხმობს.
ცნობისთვის, უმსხვილესი პარტნიორებიდან ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთის შემთხვევაში დაფიქსირდა. ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა დეკემბერში 1822.63%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. მთლიან გზავნილებში ჩინეთის წილი 0.44%-ს შეადგენს.









