საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული ტექნოლოგიური კომპანია Ripple-ი გახდა. აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის შესარჩევი ეტაპი ცხრა კომპანიამ გაიარა.
როგორც სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, პროექტის გამარჯვებული ბანკის შიდა და მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე გამოავლინა. ცნობისთვის, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარმოადგინეს, ხოლო მეორე ეტაპი მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეფასებას დაეთმო.
ეროვნული ბანკის განცხადებით, „კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა“.
სებ-ის შეფასებით, Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. მისივე ინფორმარციით, ამჟამად კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.
„Ripple-ის CBDC პლატფორმის გამოყენებით, საპილოტე პროექტი შესაძლებელს გახდის საჯარო და კერძო სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ადასტურებს ჩვენს ერთგულებას გავაძლიეროთ ინოვაციების დანერგვა, რაც საჯარო უწყებებში გააძლიერებს ბლოკჩეინ ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და სანდოობას“, – განაცხადა Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს უოლისმა.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის დანერგვის შესაძლებლობებს 2020 წლიდან იკვლევს. შემდეგი ნაბიჯი სებ-ისა და Ripple-ის მიერ ერთობლივი პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავებაა.