სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გადაწყვეტილების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 2022 წლის მარტში 0.5 პროცენტული პუნქტით, 11.0 პროცენტამდე გაზარდა. ამის შემდეგ, დღევანდელ დღემდე, განაკვეთი ან მცირდებოდა ან გარკვეული პერიოდი ერთ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა.

სებ-ის განმარტებით, გადაწყვეტილება გლობალური ინფლაციური რისკების ზრდას უკავშირდება, რაც, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ენერგორესურსების ფასების ზრდას მოჰყვა.

რეგულატორის შეფასებით, ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების შეფერხებებმა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ენერგორესურსების გაძვირება გამოიწვია, რაც, მისივე თქმით, უკვე აისახა როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ინფლაციაზე. შეგახსენებთ, აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს აღემატება.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრებისთვისაც. მისივე თქმით, ინფლაციური შოკების შემცირების შემდეგ განაკვეთის ეტაპობრივ ნორმალიზაციას დაიწყებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს გაიმართება.