საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 298.39 მილიონი აშშ დოლარი (807.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების 95.8% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ნოემბერში გზავნილების მოცულობა 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ამ ქვეყნებს შორის მოხვდა რუსეთის ფედერაცია, რომელიც ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებით მესამე ადგილს იკავებს.
კერძოდ, გასულ თვეში რუსეთიდან საქართველოში 38.49 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაჩვენებელი წლიურად 29.32%-ით არის გაზრდილი. მთლიან გზავნილებში რუსეთის ფედერაციის წილი 12.9%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, უმსხვილესი პარტნიორებიდან ყველაზე დიდი ზრდა უზბეკეთის შემთხვევაში დაფიქსირდა. ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერში 41.6%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის ესპანეთი 39.47%-იანი ზრდით და ნიდერლანდები 29.41%-იანი ზრდით.








