სემ ოლტმენმა აშშ-ში ICE-ის მიერ განხორციელებული რეპრესიები გააკრიტიკა

სემ ოლტმენმა აშშ-ში ICE-ის მიერ განხორციელებული რეპრესიები გააკრიტიკა

ფოტო: Sebastian Gollnow /picture alliance via Getty Images

 

The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა, Slack-ის შიდა მიმოწერაში მინეაპოლისში სროლისა და იმიგრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შესახებ ისაუბრა. როგორც გამოცემა DealBook-ის საინფორმაციო ბიულეტენზე დაყრდნობით წერს, თავის შეტყობინებაში ოლტმენმა განაცხადა, რომ საბაჟო სამსახურში მყოფი აგენტების ტაქტიკა „ზღვარს სცდება“.

გავრცელებული ინფორმაციით, Slack-ში ოლტმენმა დაწერა: „ამერიკელების მოვალეობა და ქვეყნის სიყვარულის ნაწილია, წინააღმდეგობა გაუწიო გადაჭარბებულ ძალადობას… დიდი განსხვავებაა მოძალადე დამნაშავეების დეპორტაციასა და იმას შორის, რაც ახლა ხდება; ეს განსხვავება კარგად უნდა დავინახოთ“. ამის მიუხედავად, იმავე მიმოწერაში ოლტმენმა ტრამპს „ძალიან ძლიერი ლიდერი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მომდევნო დღეებში ქვეყანას გააერთიანებს.

ოლტმენის განცხადებითვე, საკითხზე რეაგირებამ, რომელიც მან ბოლო რამდენიმე საათში იხილა, მას იმედი მისცა, რომ გამჭვირვალე გამოძიებებით ნდობა აღდგება. DealBook-ის თანახმად, ოლტმენის განცხადებას OpenAI-ის თანამშრომლებმა ასობით მხარდამჭერი „ემოჯით“ უპასუხეს.

ცნობისთვის, ოლტმენი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების CEO-ებს შორის პირველი იყო, რომელიც დარბევას გამოეხმაურა, თუმცა ეს შიდა მიმოწერაში გააკეთა. მის შემდეგ კი, Bloomberg-ის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით შიდა წერილი Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, თავის თანამშრომლებსაც გაუგზავნა. წერილში მან თანაგრძნობა გამოუცხადა ყველას, ვინც არსებული ვითარებით დაზარალდა.

კუკმა Apple-ის თანამშრომლებს ასევე განუცხადა, რომ „გულდაწყვეტილი იყო მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების გამო“ და დასძინა, რომ ის ამ თემაზე პრეზიდენტ ტრამპს უკვე ესაუბრა. Apple-ის CEO-ს თქმით, მან ტრამპს თავისი შეხედულებები გაუზიარა, ხოლო პრეზიდენტმა ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩართულობისთვის მზაობა გამოხატა.