საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სემეკს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან ერთად, მელიორაცია/ირიგაციის რეგულირება დაევალა. შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია უზრუნველყოფს როგორც სექტორის მონაწილეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებას, ასევე განსაზღვრავს სატარიფო პოლიტიკასაც.
რას მოიტანს მელიორაციის სექტორის რეგულირება? სემეკის მხრიდან ამ სექტორის რეგულირება ნიშნავს საირიგაციო წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ბალანსის დაცვას და საერთაშორისო დონის სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობს სექტორის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. სემეკის სლოგანი და საქმიანობის ძირითადი მიზანი – „როცა ბალანსი დაცულია“ – ამ სფეროშიც იმავენაირად იმოქმედებს, როგორც სხვა რეგულირებად სექტორებში: ერთი მხრივ, სტიმულს მისცემს მიმწოდებელს ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფისათვის, ხოლო მეორე მხრივ, დაიცავს მომხმარებლის უფლებებს. რეგულირება არ გულისხმობს მკაცრი და არაპრაქტიკული წესების დამკვიდრებას, არამედ გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების შემუშავებას, რომლებიც ხელშემწყობი იქნება სექტორის სწორი განვითარებისთვის.
ევროპულ ქვეყნებში ირიგაციის საკითხები მარეგულირებელი კომისიის მიერ არ რეგულირდება და ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ან სხვა ორგანიზაციების მიერ წესრიგდება. რაც შეეხება ამერიკულ პრაქტიკას, აშშ- -ის ზოგიერთ შტატში ირიგაცია მარეგულირებელი კომისიის რეგულირების ქვეშაა. შესაბამისად, საქართველოში დამკვიდრებული მოდელიც, შეიძლება ითქვას, ამერიკული რეგულირების პრაქტიკას ითვალისწინებს.
სემეკთან ერთად აღსრულების ნაწილში მელიორაცია/ირიგაციის სექტორის ძირითადი სტეიკჰოლდერები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს მელიორაცია. ყველა უწყება თავისი მიმართულებით, თუმცა გუნდური პრინციპებით, გააგრძელებს საქმიანობას ამ სექტორის განვითარებისათვის.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის თანამედროვე პრაქტიკა და გამოცდილებები, რომლებმაც სხვა ქვეყნებში ხელი შეუწყო მელიორაციის სექტორის წინსვლასა და განვითარებას, მის ეფექტიანობას. სწორედ ამ ახალი, უფრო მეტად განვითარებული მიმართულების კომპონენტს წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, იგივე „წმო“. რა არის „წმო“? ეს არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგივე საირიგაციო წყლის მომხმარებელთა გაერთიანება, რომლის წევრებსაც აქვთ ერთმანეთთან ახლომდებარე მიწის ნაკვეთები და ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ საირიგაციო წყლით თანაბარუფლებიან პირობებში, ექნებათ კანონით გაწერილი უფლებები თუ ვალდებულებები. ისინი ჩაერთვებიან სარწყავი წყლის მართვის პროცესში, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის წევრებისათვის საჭირო დროს საჭირო რაოდენობით საირიგაციო წყლის მიწოდებას, ადგილი აღარ ექნება სარწყავი წყლის არასამართლიან გადანაწილებასა და სხვა თანამდევ პრობლემებს. ამჟამად, პირველი „წმო“-ს ფორმირება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აუცილებელია, შეიქმნას ბევრი წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს სექტორის მონაწილეებისათვის კარგად ნაცნობი პრობლემების მოგვარებას.
მელიორაციის სექტორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ახალი სატარიფო მეთოდოლოგია. საირიგაციო სისტემაში წყლის მიღებასთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაანგარიშებისას გამოყენებული იქნება „წამახალისებელი რეგულირების“ პრინციპები, რაც მიმწოდებლისთვის დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით გარკვეული სტიმულების დაწესებას გულისხმობს. თუმცა ზოგიერთ სატარიფო კომპონენტთან მიმართებით „დანახარჯები პლუს“-მიდგომა იქნება გამოყენებული, დანახარჯების საბაზისო წლის მონაცემების მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პერიოდის საპროგნოზო ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების საფუძველზე კორექტირების პრინციპების გათვალისწინებით. შესაბამისად, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფები დაიცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისგან, მიმწოდებელს მისცემს სტიმულს, გაზარდოს ეფექტიანობა საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ არ მოხდეს მომსახურების ხარისხისა და ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება.
სემეკი ტარიფს დაადგენს შემდეგი მიმართულებებით:
- პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის (წმო) დადგინდება წყლის საბითუმო მიწოდების საფასური;
- წყალმომხმარებლებისათვის, რომლებიც წყალს იღებენ მხოლოდ ძირითადი და მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურის მეშვეობით, დადგინდება საცალო მიწოდების საფასური. ამ კატეგორიაში ტარიფები განისაზღვრება როგორც მრიცხველიანი, ასევე უმრიცხველო მომხმარებლებისათვის;
- წყალმომხმარებელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საირიგაციო წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის (ჰესებისთვის), დადგინდება საცალო მიწოდების საფასური;
- სხვა წყალმომხმარებლებისათვის, რომლებიც წყალს იღებენ საირიგაციო სისტემიდან, დადგინდება ასევე საცალო მიწოდების საფასური.
გარდა ტარიფებისა, მნიშვნელოვანი საკითხია მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის დაბალანსებისა და მოწესრიგებისათვის შესაბამისი ერთიანი მიდგომებისა თუ სტანდარტების დაწესება. ახლახან დავამტკიცეთ საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, რომელთა ძირითადი ნაწილი უკვე ამოქმედდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ირიგაციაში რევოლუციური ნაბიჯი გადაიდგა. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, მიმწოდებელთან სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში მომართოს განცხადებით სემეკს და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და განხილვა.
წესები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განისაზღვროს მიმწოდებელსა და მომხმარებლებს შორის უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოფილ იქნას მათი შესრულება, შეიქმნას სწორი მოლოდინი საირიგაციო წყალმომარაგებაზე, მოწესრიგდეს მომსახურების შესაბამისი ღირებულების დარიცხვა და მისი დროული გადახდა. რეალურად, ახალი რეგულაციით გაწერილი პირობები ხელს შეუწყობს წყლის რაციონალურად მოხმარებასა და წაახალისებს საირიგაციო წყლის დაზოგვასა და მის მიზნობრივ გამოყენებას, ასევე მოაწესრიგებს საირიგაციო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ, შეუზღუდავ დაშვებას.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესები არ დაარეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას ან ორგანიზაციის წევრსა და სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლით უზრუნველყოფასა და მომარაგების პირობებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ასევე, წესები არ გავრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობაში გადაუცემელ მიწაზე; ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებაზე, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებაზე; წყლის მეზობელი ქვეყნისთვის მიწოდებაზე.
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორის მონაწილეებმა კარგად იციან, რომ სემეკი ყოველთვის ღიაა შეხვედრებისა თუ დიალოგისთვის. იგივე მიდგომები ვრცელდება მელიორაციის სექტორის მონაწილეებისთვისაც. აქედან გამომდინარე, არაერთი სასიკეთო ნორმატიული ცვლილებაა მოსალოდნელი, რომლებიც სექტორისა და მომხმარებელთა ინტერესების სრული დაცვით ეტაპობრივად შემუშავდება და დაინერგება.