სექტემბერი: საკვერცხის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე

სექტემბერი: საკვერცხის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე
სექტემბერი საკვერცხის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. რა უნდა ვიცოდეთ საკვერცხის კიბოს შესახებ, არსებობს თუ არა მისი პრევენცია და რა რეკომენდაციებია ქართველი ექიმებისთვის, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ღუდუშაურის კლინიკის წამყვანი მეან-გინეკოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი, კიბოსთან ბრძოლის კომპანიის აქტიური მონაწილე, ექსპერტი სამეანო და გინეკოლოგიურ საკითხებში მანანა მახარაძე.

 

რატომ გახდა მნიშვნელოვანი საკვერცხის კიბოს ცნობიერების ამაღლება?

საკვერცხის კიბო წარმოადგენს მთელ მსოფლიოში გინეკოლოგიური სიმსივნეებით სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს. კვლევამ World Ovarian Cancer Coalition Every Woman Study™ აჩვენა, რომ ქალების ორ მესამედზე მეტს არ სმენია საკვერცხის კიბოზე; პაციენტების უმრავლესობას დიაგნოზის დასმამდე არაფერი სმენოდა ამ დაავადების შესახებ.

საკვერცხის კიბოსა და მის სიმპტომებზე ცნობიერების ამაღლება ქალებსა და ექიმებში აუცილებელია, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დაგვიანებული დიაგნოსტირება. ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს მარტივი რუტინული სკრინინგული ტესტი საკვერცხის კიბოს აღმოსაჩენად.

ღუდუშაურის კლინიკა, როგორც კიბოსთან ბრძოლის მოწინავე დაწესებულება, ჩართულია World Ovarian Cancer Coalition პროგრამაში და სექტემბრის თვეში ატარებს უფასო გინეკოლოგიურ კონსულტაციებს. ღუდუშაურის მსგავსად, სხვა კლინიკებიც აქტიურად მონაწილეობენ მსგავს აქციებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მოწყვლადი მოსახლეობისათვის.

რა ადგილი უჭირავს საკვერცხის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას მსოფლიოში?

უახლესი ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს აშშ-ში საკვერცხის კიბოს 19 710 ახალი შემთხვევა და მისგან გამოწვეული სიკვდილის 13 270 ფაქტი დაფიქსირდა. ევროპაში 4 0740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან გამოწვეული სიკვდილობა 27 699-ია. გლობალურად, ბოლო წლებში, აღინიშნება ამ მაჩვენებლის მცირე მატება, მაგრამ, რიგ ქვეყნებში, მაგ. აშშ-ში ბოლო წლებში კლების უმნიშვნელო ტენდენცია ფიქსირდება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი რისკის ქალებში პროფილაქტიკური ქირურგიით, ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენებითა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით.

რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Საქართველოში საკვერცხის კიბო მეოთხეა ქალებში სიმსივნური დაავადებების სიხშირით ძუძუს კიბოს, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. მედიკამენტური მკურნალობისა და ქირურგიის მიღწევების მიუხედავად, საკვერცხის კარცინომა მაინც რჩება ყველაზე ლეტალურ გინეკოლოგიურ კიბოდ. 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 46%-ია ყველა სტადიის კომბინირების შემთხვევაში. 

რითია გამოწვეული დაავადების ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

ადრეული სკრინინგული მეთოდების არარსებობისა და უსიმპტომო კლინიკური მიმდინარეობის გამო, საკვერცხის კიბოს უმეტესობა დიაგნოსტირებულია პროგრესულ სტადიაზე, როდესაც, სამწუხაროდ, დაავადების პროგნოზი უკვე არასახირბელოა. 

ზოგჯერ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც, ქალები თავს არიდებენ ექიმთან დროულ ვიზიტს და ირჩევენ თვითმკურნალობას, რაც ხშირად სოციო-ეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ გაითვალისწინოს მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და შეიმუშავოს პროგრამა, რათა ამბულატორიული მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მოსახლეობისთვის. 

რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის კიბოს და რას ურჩევთ ქალებს, რა შემთხვევაში მიმართონ ექიმს?

საკვერცხის კიბოს სიმპტომები ხშირად ერევათ სხვა ნოზოლოგიების, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის დაავადებათა ჩივილებში, რაც ზოგჯერ არასწორ დიაგნოსტირებას იწვევს. თუ 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება შებერილობა, ტკივილი მენჯისა და მუცლის არეში, მუცლის ზომაში ზრდა, დანაყრების შეგრძნება საკვების მცირე ულუფით მიღების შემდეგ, დიზურიული მოვლენები, ყაბზობა, ზოგადი სისუსტე ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. 

იმ შემთხვევაში, თუ ქალები არიან დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში (გენეტიკური ფაქტორები, გვიანი მენოპაუზა, ადრეული მენარქე, უშვილობა, ასაკი >50 წ, სიმსუქნე, ხანგრძლივი ჰორმონოთერაპია), დროულად უნდა დაიგეგმოს ვიზიტი გინეკოლოგთან.

რა რეკომენდაციები გაქვთ ექიმებისთვის, რა მეთოდებით უნდა მოახდინონ დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა?

ვინაიდან სკრინინგული კვლევები არ არსებობს, დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა გართულებულია, სანამ პაციენტს არ ექნება დაავადებასთან ასოცირებული სიმპტომები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ექიმების კომპეტენტურობას, პაციენტის სწორ დიაგნოსტირებასა და დროულ რეფერალს ონკოლოგთან. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი კვლევები: მენჯის ღრუს ფიზიკალური გასინჯვა, ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა და CA-125 ონკომარკერის განსაზღვრა სისხლში, თუ ეჭვი იქნა მიტანილი კარცინომაზე, სპეციალიზირებულ კლინიკაში უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს დროული ქირურგიული ჩარევა; ამის შემდეგ შეირჩევა თერაპიული მკურნალობა ტარგეტული, იმუნოთერაპიული ან ქიმიოთერაპიული მედიკამენტების საშუალებით. 

ექიმების მიერ შეთავაზებული რუტინული კვლევების ჩატარება უსიპტომო და დაბალი რისკის მქონე ქალებში იწვევს ჰიპერდიაგნოსტირებასა და არასაჭირო ქირურგიული ჩარევების რისკს. 

საჭიროა ყოველწლიურად ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში მოხდეს ექიმების ცნობიერების ამაღლება საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების საკითხებში და მსოფლიოში არსებული უახლესი ინფორმაციის გაცნობა.

 რას გვეტყვით გადარჩენის მაჩვენებელთან დაკავშირებით?

საკვერცხის კიბოს ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები საშუალოდ 36-46%-ია, თუმცა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. საქართველოში ეს მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 35-40%-ზე დაბალია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია დიაგნოზის გვიან სტადიაზე აღმოჩენით. ზოგადად, გადარჩენადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა სიმსივნურ დაავადებებს, მაგალითად, ძუძუს კიბოს, სადაც ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი 95%-ს უახლოვდება, ეს დადებითი მაჩვენებელი ასოცირდება ძუძუს კიბოს სკრინინგულ კვლევებთან, რაც საკვერცხის კიბოს შემთხვევაში ვერ ხერხდება, ზუსტი მარკერების არარსებობის გამო. ამიტომ მოვუწოდებ ქალებს, ნებისმიერი არასასიამოვნო სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს და პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექიმებმა მაქსიმალურად აიმაღლონ განათლება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, რათა შეძლონ ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება და გამოვლენა.