სექტემბერი: საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვე

სექტემბერი: საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვე
სექტემბერი საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვეა. რა უნდა ვიცოდეთ საკვერცხის კიბოს შესახებ, არსებობს თუ არა მისი პრევენცია და რა რეკომენდაციებია ქართველი ექიმებისთვის – ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ღუდუშაურის კლინიკის წამყვანი მეან-გინეკოლოგი, ასოცირებული პროფესორი, კიბოსთან ბრძოლის კამპანიის აქტიური მონაწილე, ექსპერტი მანანა მახარაძე.

 

რატომ გახდა მნიშვნელოვანი საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება?

საკვერცხის კიბო წარმოადგენს მთელ მსოფლიოში გინეკოლოგიური სიმსივნეებით სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს. კვლევამ World Ovarian Cancer Coalition Every Woman Study™ აჩვენა, რომ ქალების ორ მესამედზე მეტს არ სმენია საკვერცხის კიბოზე; პაციენტების უმრავლესობას დიაგნოზის დასმამდე არაფერი სმენოდა ამ დაავადების შესახებ.

საკვერცხის კიბოსა და მის სიმპტომებზე ცნობიერების ამაღლება ქალებსა და ექიმებში აუცილებელია, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დაგვიანებული დიაგნოსტირება. ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს მარტივი რუტინული სკრინინგული ტესტი საკვერცხის კიბოს აღმოსაჩენად.

ღუდუშაურის კლინიკა, ერთ-ერთი ლიდერია კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში და ის, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა წამყვანი სამედიცინო დაწესებულებები, ხშირად ატარებს უფასო აქციებს, რაც დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სექტემბრის თვეშიც დაგეგმილია პროექტები, რაც დაეხმარება ქვეყნის მოწყვლად მოსახლეობას, კომპეტენტური კონსულტაცა მიიღოს. 

რამდენად ხშირია საკვერცხის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა მსოფლიო მასშტაბით?

უახლესი ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს აშშ-ში საკვერცხის კიბოს 19 710 ახალი შემთხვევა და მისგან გამოწვეული სიკვდილის 13 270 ფაქტი დაფიქსირდა. ევროპაში 4 0740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათგან  27 699 ლეტალურად დასრულდა. გლობალურად, ბოლო წლებში, აღინიშნება ამ მაჩვენებლის მცირე მატება, მაგრამ რიგ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში ბოლო წლებში კლების უმნიშვნელო ტენდენცია ფიქსირდება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი რისკის ჯგუფის ქალებში პროფილაქტიკური ქირურგიით, ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენებითა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით.

რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WHO-ის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში საკვერცხის კიბო მეოთხეა ქალებში სიმსივნური დაავადებების სიხშირით ძუძუს კიბოს, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. მედიკამენტური მკურნალობისა და ქირურგიის მიღწევების მიუხედავად, საკვერცხის კარცინომა მაინც რჩება ყველაზე ლეტალურ გინეკოლოგიურ კიბოდ. 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 46%-ია ყველა სტადიის კომბინირების შემთხვევაში. 

რითაა გამოწვეული დაავადების ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

ადრეული სკრინინგული მეთოდების არარსებობისა და უსიმპტომო კლინიკური მიმდინარეობის გამო, საკვერცხის კიბოს უმეტესობა დიაგნოსტირებულია პროგრესულ სტადიაზე, როდესაც, სამწუხაროდ, დაავადების პროგნოზი უკვე არასახარბიელოა. 

ზოგჯერ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც, ქალები თავს არიდებენ ექიმთან დროულ ვიზიტს და ირჩევენ თვითმკურნალობას, რაც ხშირად სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ გაითვალისწინოს მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და შეიმუშაოს პროგრამა, რათა ამბულატორიული მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მოსახლეობისთვის. 

რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის კიბოს და რას ურჩევთ ქალებს, რა შემთხვევაში მიმართონ ექიმს?

საკვერცხის კიბოს სიმპტომები ხშირად ერევათ სხვა ნოზოლოგიების, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის დაავადებათა ჩივილებში, რაც ზოგჯერ არასწორ დიაგნოსტირებას იწვევს. თუ ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება შებერილობა, ტკივილი მენჯისა და მუცლის არეში, მუცლის ზომაში ზრდა, დანაყრების შეგრძნება საკვების მცირე ულუფით მიღების შემდეგ, დიზურიული მოვლენები, ყაბზობა, ზოგადი სისუსტე, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. 

იმ შემთხვევაში, თუ ქალები არიან დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში (გენეტიკური ფაქტორები, გვიანი მენოპაუზა, ადრეული მენარქე, უშვილობა, ასაკი >50 წ, სიმსუქნე, ხანგრძლივი ჰორმონოთერაპია), დროულად უნდა დაიგეგმოს ვიზიტი გინეკოლოგთან.

რა რეკომენდაციები გაქვთ ექიმებისთვის, რა მეთოდებით უნდა მოახდინონ დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა?

ვინაიდან სკრინინგული კვლევები არ არსებობს, დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა გართულებულია, სანამ პაციენტს არ ექნება დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ექიმების კომპეტენტურობას, პაციენტის სწორ დიაგნოსტირებასა და დროულ რეფერალს ონკოლოგთან. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი კვლევები: მენჯის ღრუს ფიზიკალური გასინჯვა, ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა და CA-125 ონკომარკერის განსაზღვრა სისხლში, თუ ეჭვი იქნა მიტანილი კარცინომაზე, სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს დროული ქირურგიული ჩარევა; ამის შემდეგ შეირჩევა თერაპიული მკურნალობა ტარგეტული, იმუნოთერაპიული ან ქიმიოთერაპიული მედიკამენტების საშუალებით. 

ექიმების მიერ შეთავაზებული რუტინული კვლევების ჩატარება უსიმპტომო და დაბალი რისკის მქონე ქალებში იწვევს ჰიპერდიაგნოსტირებასა და არასაჭირო ქირურგიული ჩარევების რისკს. 

საჭიროა, ყოველწლიურად ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში მოხდეს ექიმების ცნობიერების ამაღლება საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების საკითხებში და მსოფლიოში არსებული უახლესი ინფორმაციის გაცნობა.

 რას გვეტყვით გადარჩენის მაჩვენებელთან დაკავშირებით?

საკვერცხის კიბოს ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები საშუალოდ 36-46%-ია, თუმცა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. საქართველოში ეს მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 35-40%-ზე დაბალია, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია დიაგნოზის გვიან სტადიაზე აღმოჩენით. ზოგადად, გადარჩენადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა სიმსივნურ დაავადებებს, მაგალითად, ძუძუს კიბოს, სადაც ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი 95%-ს უახლოვდება, ეს დადებითი მაჩვენებელი განპირობებულია ძუძუს კიბოს სკრინინგული კვლევებით, რაც საკვერცხის კიბოს შემთხვევაში ვერ ხერხდება ზუსტი მარკერების არარსებობის გამო. ამიტომ მოვუწოდებ ქალებს, ნებისმიერი არასასიამოვნო სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს, ხოლო პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექიმებმა მაქსიმალურად აიმაღლონ განათლება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, რათა შეძლონ ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება და გამოვლენა.