სექტემბერში ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა 2.65%-ით გაიზარდა

სექტემბერში ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა 2.65%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.27 მილიარდი ლარით, 2.65%-ით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 49.33 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.98% შეადგინა.

კონკრეტულად, სების ცნობით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 72.84 მილიონი ლარით, 0.38%-ით გაიზარდა. თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.28-ით შემცირდა. რაც შეეხება მოთხოვნამდე დეპოზიტებს, ამ შემთხვევაში ზრდამ 4.17%, ანუ 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი სექტემბრის ბოლოსათვის 49.82%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 0.45%-ით არის შემცირებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.94% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.42%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.69%. ამ უკანასკნელში აშშ დოლარის წილი ევროსას დაახლოებით 4-ჯერ აჭარბებს.