საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, სექტემბერში დაგეგმილ გაეროს მომდევნო გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. თუმცა ემანუელ მაკრონის გეგმამ ისრაელისა და შეერთებული შტატებისაგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
მაკრონმა საკუთარი გადაწყვეტილება საზოგადოებას X-ზე ამცნო. საფრანგეთის პრეზიდენტმა პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასისათვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის აბასს საფრანგეთის გეგმას უზიარებს პალესტინის აღიარებასთან და სხვა პარტნიორების დარწმუნებასთან დაკავშირებით. „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველსაყოფად საფრანგეთის მიერ დადებული ისტორიული პირობის შესასრულებლად, საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ამის შესახებ განცხადებას სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავაკეთებ“, – განაცხადა მაკრონმა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საფრანგეთი პირველი წამყვანი დასავლური სახელმწიფო გახდება, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა, რითაც განაგრძობს შედარებით პატარა ქვეყნების მიერ წამოწყებულ აღიარების მოძრაობას. ცნობისათვის, ევროპაში ყველაზე დიდი ებრაული და მუსლიმური საზოგადოებები სწორედ საფრანგეთში ცხოვრობენ.
ემანუელ მაკრონის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ისრაელის უახლოესი მოკავშირის გადაწყვეტილება წაახალისებს ტერორს და გაზრდის ირანის კიდევ ერთი მარიონეტის გაჩენის რისკს. ნეთანიაჰუს განმარტებით, ამ პირობებში პალესტინის სახელმწიფოს არსებობა არა მათ გვერდით მშვიდობიანი თანაცხოვრების, არამედ ისრაელის განადგურების საწყისი წერტილი იქნებოდა. „მოდი, ვთქვათ ნათლად: პალესტინელებს არ სურთ ისრაელის გვერდით სახელმწიფოს შექმნა, მათ სურთ სახელმწიფოს შექმნა ისრაელის ნაცვლად“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც და აღნიშნა, რომ აშშ მკაცრად გმობს საფრანგეთის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებასთან დაკავშირებით. „ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ „ჰამასის“ პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობის დამყარებას საფრთხეს უქმნის. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში სილის გარტყმაა“, – დაწერა X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.