სექტემბრის შემდეგ დონალდ ტრამპის ქონება $1.1 მილიარდით შემცირდა

სექტემბრის შემდეგ დონალდ ტრამპის ქონება $1.1 მილიარდით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიმდიდრემ, სექტემბრიდან მოყოლებული, $1.1 მილიარდით იკლო. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სექტემბრის რეკორდულ $7.3 მილიარდთან შედარებით, ტრაპის ქონება $6.2 მილიარდამდეა შემცირებული, რაც ძირითადად მის საკუთრებაში არსებული Trump Media and Technology Group-ის (TMTG) აქციების ფასის ვარდნას უკავშირდება.

პარასკევის სავაჭრო სესიისას, ტრამპის სოციალური მედიისა და კრიპტოკომპანიის, TMTG-ის აქციების ღირებულება ყველა დროის მინიმუმამდე, $10.18-მდე დაეცა. Forbes-ის ინფორმაციით, Trump Media and Technology Group-მა 2025 წლის მესამე კვარტალში $973,000-ის შემოსავალი და $54.8 მილიონის ზარალი დააფიქსირა. ხოლო კომპანიის საკუთრებაში არსებული ბიტკოინის მარაგის ღირებულება $48 მილიონით შემცირდა. თუმცა ეს თანხა Cronos-ის კრიპტოვალუტიდან მიღებული $33 მილიონის შემოსავლით ნაწილობრივ დაკომპენსირდა.

სექტემბრის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში $3 მილიარდით იყო გაზრდილი. შედეგად, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი Forbes 400-ის უმდიდრეს ამერიკელთა სიაში 201-ე პოზიციას იკავებდა, რაც 2024 წლის სიასთან შედარებით 118 პოზიციით გაუმჯობესებული მონაცემია. ზრდის ძირითადი ნაწილი კრიპტოინვესტიციებზე, მათ შორის ტრამპისა და მისი ვაჟების მიერ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დაფუძნებულ World Liberty Financial-ზე მოდიოდა.

ცნობისთვის, 2024 წელს დაარსებულ კრიპტოპროექტ World Liberty Financial-ის 75%-იანი წილის მფლობელი DT Marks Defi LLC-ია, რომლის აქციებსაც ტრამპი თავის სამ ვაჟთან ინაწილებს.