სექტორები, რომლებმაც ChatGPT-ის გამოშვების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა

სექტორები, რომლებმაც ChatGPT-ის გამოშვების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა, OpenAI-მ, თავისი AI-ჩატბოტი, ChatGPT 2022 წლის ნოემბერში გამოუშვა. დღეისათვის ChatGPT-ის ყოველკვირეულად 700 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი (MAU) ჰყავს და მიუხედავად სხვა მსხვილი ტექგიგანტების, მათ შორის Google-ისა (Gemini) და Microsoft-ის (Copilot) მიერ კონკურენტი AI-ჩატბოტების გამოშვებისა, კომპანიებსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარულ პროდუქტად რჩება.

ChatGPT-ის დებიუტის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღეთ ტექნოლოგიურ სექტორშიც, რაც ძირითადად ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული საინვესტიციო ბუმით იყო განპირობებული. AI-ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდით კი იმატა ამერიკული Nvidia-ს, Broadcom-ისა და ნახევარგამტარების შემუშავებასა და წარმოებასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების შემოსავლებმაც.

2022 წლის ბოლოს, ChatGPT-ის გამოშვებით, ათწლეულების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ტექნოლოგიური ინვესტიციების ციკლი დაიწყო. შედეგად, ინვესტორებმა თავიანთი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის, Cloud-ტექნოლოგიებისა და ციფრული სერვისების მიმართულებით ოპერირებად კომპანიებში გადაიტანეს.

Visual Capitalist-ის წარმოდგენილი ვიზუალიზაცია, რომელიც Deutsche Bank-ისგან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, ChatGPT-ის გამოშვების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე აშშ-ის მსხვილი სექტორების ზრდის მაჩვენებლებს გვთავაზოვს. Deutsche Bank-ის შედეგებით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მეტად საკომუნიკაციო სერვისების სექტორი გაიზარდა და 185%-იანი მატება დააფიქსირა. ეს ნიშნავს, რომ ChatGPT-ის გამოშვებისას $100-იანი ინვესტიციის ღირებულება ახლა $285-ს აღწევს.

სექტორების მხრივ, საფონდო ბირჟაზე მეორე და მესამე ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (157%-ით) და დისკრეციული სამომხმარებლო საქონლის (78%) სექტორებში დაფიქსირდა. ცნობისთვის, ამ სექტორებში შედის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Tesla, Amazon-ი, McDonald’s-ი, ხოლო ზრდა მათ შორის განპირობებული იყო ინვესტორების მოლოდინით, რომ AI ამ ფირმების განვითარებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენდა.

რაც შეეხება უშუალოდ კომპანიებს, ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის ზრდის გავლენით, საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი მატება უკანასკნელ სამ წელიწადში ნახევარგამტარების მწარმოებლებმა მიიღეს. მათ შორის Nvidia-მ 1,020%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო Broadcom-ისა და Meta-ს შემთხვევაში, შესაბამისად, 700 და 500%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სექტორები, რომლებმაც 2022 წლის ნოემბერში, ChatGPT-ის დებიუტის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა:

სექტორიზრდა (2022–2025)
1საკომუნიკაციო სერვისები185%
2ინფორმაციული ტექნოლოგიები157%
3დისკრეციული სამომხმარებლო საქონელი78%
4სამრეწველი სექტორი60%
5საფინანსო სექტორი56%
6კომუნალური მომსახურება42%
7ჯანდაცვა23%
8უძრავი ქონება21%
9აუცილებელი სამომხმარებლო საქონელი20%
10სამრეწველო ნედლეული17%
11ენერგეტიკა9%
S&P 500 ინდექსი80%