სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ანტისამთავრობო აქციები მომიტინგეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გადაიზარდა. გასულ შაბათ-კვირას ათასობით მომიტინგემ დედაქალაქის მთავარი ქუჩები გადაკეტა და ლითონის ღობეებისა და ნაგვის კონტეინერების გამოყენებით, ბარიკადები მოაწყო. სერბეთის მედია მსგავსი ბარიკადების შესახებ ბალკანეთის ქვეყნის პატარა ქალაქებშიც იუწყებოდა.
სერბეთის ქუჩებში გამოსული მომიტინგეები, რომელთაც ძირითადად სტუდენტური ჯგუფები წარმოადგენენ, ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურში სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომიტინგეები მომხდარ ტრაგედიას ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ.
კვირას, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, მომიტინგეთა ნაწილი ქუჩაში დარჩა. მათსა და ბელგრადის ცენტრში განლაგებულ საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები პოლიციას დემონსტრაციებში ჩარევის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. შეტაკებების დროს ორივე მხარის წარმომადგენლები დაშავდნენ. პოლიციამ აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა.
ვუჩიჩი მომხდარს Instagram-ის საშუალებით გამოეხმაურა და მომიტინგეები „სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში“ დაადანაშაულა. „მათ (დემონსტრანტებს) სერბეთის დამხობა სურდათ და ეს ვერ მოახერხეს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა და აღნიშნა, რომ პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად იმოქმედებს.
„პოლიცია ყველა ზომას მიიღებს საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დასამყარებლად… გამოიყენებს ყველა ძალას თავდასხმების მოსაგერიებლად და ყველა იმ პირის დასაპატიმრებლად, ვინც პოლიციას თავს დაესხა“, – განაცხადა დაჩიჩმა.
შაბათის აქციების დასრულების შემდეგ, მთავრობისადმი მიმართვა დემონსტრანტების ჯგუფმაც გაავრცელა და სერბებს „თავისუფლების საკუთარ ხელში აღებისკენ“ მოუწოდა. „ხელისუფლებას ყველანაირი მექანიზმი ჰქონდა, რათა ჩვენი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და ესკალაცია თავიდან აეცილებინა. ამის ნაცვლად, მათ ხალხის წინააღმდეგ ძალადობა და რეპრესიები აირჩიეს. სიტუაციის ნებისმიერი სახით რადიკალიზაცია მათი პასუხისმგებლობაა“, – დაწერეს სტუდენტებმა სოციალურ ქსელ X-ზე.
შაბათს ქალაქში დაახლოებით 140,000 მომიტინგე შეიკრიბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დიდი აქტივობა იყო. დემონსტრანტები ვუჩიჩის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ. გასული შაბათ-კვირის აქციების შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების უკან „უცხო ძალა“ დგას.
რაც შეეხება პრეზიდენტის მანდატს, ვუჩიჩს მეორე ვადა 2027 წელს ეწურება. იმავე წელს კი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ვუჩიჩმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე უარი უკვე არაერთგზის განაცხადა. ამჟამად, მისი პროგრესული პარტიის მეთაურობით კოალიცია 250 საპარლამენტო ადგილიდან 156-ს ფლობს. თუმცა წინააღმდეგობა იზრდება ვუჩიჩის ოპონენტების მხრიდანაც, რომლებიც პრეზიდენტს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში, ძალადობასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა კრემლიც და ანტისამთავრობო გამოსვლები „ფერადი რევოლუციის“ მცდელობად შეაფასა. „იმ ფაქტის მიუხედავადაც, რომ სერბეთი, ეჭვგარეშეა, უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ იქ ფერადი რევოლუციების პროვოცირებისთვის ცნობილი მეთოდები გამოიყენება“, – განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს და სერბეთის ხელისუფლების მხრიდან წესრიგის აღდგენის იმედი გამოთქვა.