სერგეი ბრინმა ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მილიარდერების რეიტინგში მე-4 ადგილზეა

სერგეი ბრინმა ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მილიარდერების რეიტინგში მე-4 ადგილზეა

Google-ის თანადამფუძნებელმა და Alphabet-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა, სერგეი ბრინმა, სამშაბათს Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანი გახდა. Forbes-ის რეიტინგში ბრინის დაწინაურება Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ის ბოლო განახლების წარმატებას უკავშირდება, რამაც Alphabet-ის აქციების ფასი გაზარდა.

Alphabet-ის აქციების ღირებულება 9 დეკემბერს 1%-ზე ოდნავ მეტით გაიზარდა და 317 დოლარს მიაღწია, რაც გასული 30 დღის განმავლობაში დაფიქსირებულ 10%-იან ზრდას დაემატა. მეორე მხრივ, სამშაბათს ბეზოსის Amazon-მა უფრო მოკრძალებული, 0.5%-ზე ოდნავ ნაკლები ზრდა დააფიქსირა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა, გუშინ განაცხადა, რომ დეპარტამენტი თავისი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შესაქმნელად Google-ის Gemini-ს ირჩევს. ამან ინვესტორების განწყობაზე დადებითად იმოქმედა და კომპანიის აქციების ფასის კიდევ უფრო ზრდას შეუწყო ხელი.

შედეგად, სამშაბათის მონაცემებით, სერგეი ბრინის ქონება 240 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ორშაბათთან შედარებით 2.4 მილიარდი დოლარით მეტია. რაც შეეხება ჯეფ ბეზოსს, რომელმაც რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, ამჟამად მისი ქონება 239.9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგის სამეულში ილონ მასკი, ლარი ელისონი და ლარი პეიჯი არიან. უმდიდრესი ადამიანის სტატუსს კი კვლავ მასკი ინარჩუნებს, რომლის ქონებაც 491 მილიარდ დოლარს შეადგენს. ელისონს – $274.5 მილიარდი, პეიჯს კი $260.1 მილიარდი აქვს.