სერგეი ბრინმა მილიარდერების რეიტინგში ლარი ელისონს გადაუსწრო და მე-3 ადგილზე გადავიდა

სერგეი ბრინმა მილიარდერების რეიტინგში ლარი ელისონს გადაუსწრო და მე-3 ადგილზე გადავიდა

Google-ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა სიმდიდრით Oracle-ის დამფუძნებელ ლარი ელისონს გაუსწრო და Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მე-3 ადილზე გადავიდა. ბრინის რეიტინგში დაწინაურებას ხელი ბოლო კვირების განმავლობაში Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის აქციების ფასის მკვეთრმა ზრდამ შეუწყო, რაც მისი ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის მიმართ ინვესტორების ოპტიმიზმმა გამოიწვია.

Alphabet-ის აქციების ფასი სამშაბათს საფონდო ბირჟების გახსნიდან მალევე 2.2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 325.75 აშშ დოლარს მიაღწია. აგვისტოში 188 აშშ დოლარზე დაბლა დაცემის შემდეგ, კომპანიის აქციები 75%-ზე მეტით არის გაძვირებული.

ამის საპირისპიროდ, Oracle-ის აქციების ფასი 4.6%-ზე მეტით დაეცა და დაახლოებით 191 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო კვირის განმავლობაში აქციების 11%-იან ვარდნას დაემატა.

აქციების ზრდის გავლენით, ბრინის ქონებამ 245.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მას მსოფლიოში მესამე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მან რეიტინგში ელისონის ადგილი დაიკავა, რომლის ქონებაც, ბოლო მონაცემებით, 239.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ცნობისთვის, Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი, რომელმაც ორშაბათს სიმდიდრით ელისონს გაუსწრო, მე-2 ადგილზეა 264.4 მილიარდი დოლარის ქონებით.

The Information-ის ცნობით, Alphabet-ის აქციების ფასის ზრდის ბოლო ტალღა ორშაბათს გვიან გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, Meta მონაცემთა ცენტრებისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისთვის Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გამოყენებას განიხილავს. ამან შესაძლოა, Nvidia-ს ჩიპებზე მოთხოვნა შეამციროს.