სეზონის ბოლოს მესი PSG-ს დატოვებს

სეზონის ბოლოს მესი PSG-ს დატოვებს

ლიონელი მესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, მესის მამამ ფეხბურთელის გადაწყვეტილების შესახებ პარიზულ კლუბს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცნობა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ მესი დასაჯა და 2 კვირით გუნდს ჩამოაშორა. ამის მიზეზი არგენტინელის საუდის არაბეთში ვიზიტია, რის შესახებაც ფეხბურთელმა კლუბს წინასწარ არ აცნობა. ვარაუდობენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობის ამგვარი რეაგირება მესის PSG-დან წასვლის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენს“ „ბარსელონიდან“ 2021 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე PSG-ს მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 35 წლის ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ მას აქტიურად იწვევს საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი“, რომელიც, როგორც მედიაში იწერება, მზად არის, არგენტინელს რეკორდული ხელფასი შესთავაზოს. თუმცა, ამის მიუხედავად, არ გამორიცხავენ, რომ მესი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.