ქართული კომპანია Moncero ბაზარზე ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებით დამკვიდრდა, თუმცა დღეს გლობალური კრიპტობირჟის, Nordom-ის პროექტზე მუშაობს, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და სფეროს ვეშაპებთან კონკურენციისთვის ემზადება. Forbes Georgia კომპანიების CMO-ს, ნიკა ცოტნიაშვილს ესაუბრა.
საუბარი Moncero-თი დავიწყოთ. როდის და როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა? რას ნიშნავს Moncero?
Moncero-ში მოსვლისას მისი პირვანდელი სახე – ბონი ჯგუფი დამხვდა. ეს იყო ძალიან ნიჭიერი ხალხით სავსე კომპანია, რომელსაც სურდა ხარისხიანი და საუკეთესო პროდუქტის შექმნა. სწორედ ამ დროს წამოიჭრა რებრენდიგნის იდეა და გაჩნდა სახელი Moncero-ც.
გუნდის უდიდეს ნაწილს და ხერხემალს უძლიერესი დეველოპერები შეადგენენ და სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი დასახელებაც: 1-ების და 0-ების გაერთიანება ლათინურად. სახელი ყველას თავიდანვე იმდენად მოეწონა, რომ მთელი კომპანია შევჯერდით.
Moncero-ს ფორმირებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა სააგენტო, რომელსაც ძალიან გამოცდილი გუნდი ჰყავს და აქვს შესაძლებლობა, შეეჭიდოს ნებისმიერ IT, მარკეტინგულ თუ დიზაინთან დაკავშირებულ გამოწვევას. სწორედ ამ სამი გაერთიანების სპეციალისტები დაგხვდებათ Moncero-ში.
Moncero-ს არსენალში საკმაოდ ბევრი და სასარგებლო სერვისი იყრის თავს. რა არის სერვისების ძირითადი ბირთვი?
შევეცდები მარკეტინგისა და დიზაინის მიმართულებაზე გესაუბროთ, რადგან ჩემთან ალბათ ეს უფრო რელევანტური იქნება. დიზაინის ჯგუფს ლუკა გაბიძაშვილი ხელმძღვანელობს და სწორედ მისი და ჩემი დაკომპლექტებულია გუნდები, რომლებიც მარკეტინგისა და დიზაინის მხრივ ნებისმიერი სერვისის გაწევას შეძლებენ დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის თუ იურიდიული ფირმებისთვის.
სერვისების ჩამონათვალი შეიძლება ძალიან ვრცელი იყოს, მაგრამ რამდენიმე მათგანის გამოყოფა მაინც შეიძლება. ასე ვთქვათ, თუ გინდათ საუკეთესო შედეგი growth და performance მარკეტინგში, მოგვმართეთ. თუ გსურთ ყველაზე ეფექტური Motion, UI/UX დიზაინი ან ბრენდინგი, ამ შემთხვევაშიც დიდი თავდაჯერებით გეტყვით, რომ მოგაწვდით იმ სერვისს, რომელიც თქვენთვის საუკეთესო იქნება.
Moncero-ს ერთ-ერთი უმთავრესი პროდუქტია გლობალურ ბაზარზე ფოკუსირებული კრიპტობირჟა Nordom. მსოფლიოში უკვე არსებობს ათეულობით ცენტრალიზებული ბირჟა – რა განასხვავებს Nordom-ს მათგან?
Nordom-ი ალბათ ყველაზე ამბიციური პროექტია, რაზეც აქამდე მიმუშავია და მასზე ბევრი საინტერესო რამის თქმაც შეიძლება. ამჟამად, ბაზარზე ბევრი გიგანტია, რომელიც ამავე მიმართულებით, ცენტრალიზებულ ბირჟებზე მუშაობს, შესაბამისად, ბაზარი მეტ-ნაკლებად გაჯერებულია, თუმცა იმ უპირატესობებით, რაც ჩვენ გვაქვს, ვფიქრობ, შესაბამის კონკურენციას გავუწევთ ნებისმიერ მათგანს.
ამ ეტაპისთვის, ჩვენს პროდუქტზე შემიძლია ვთქვა, რომ იგი აშშ-ის ბაზრიდან გაეშვება და ამჟამად დამატებით 40 ქვეყანაში შესვლის სტრატეგიაზე ვმუშაობთ. აშშ-ში ლიცენზირების პროცესი საკმაოდ რთულია და ყველაზე დიდი გამოწვევებიც აქაა, თუმცა თუ შენს საქმეს პირნათლად და სამართლიანად აკეთებ, სადარდებელი არაფერია. ლიცენზიების მიღების პროცესი თითქმის ბოლოშია გასული. პროდუქტის განვითარების გზაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
ძალიან ბევრი კრიპტობირჟა, თითქმის, მათი უმრავლესობა, ირჩევს სტრატეგიას, რომ დაიწყოს ოფშორის ლიცენზიით და შემდეგ სცადოს შესაბამისი პრობლემების მოგვარება სასურველი ქვეყნის ლიცენზიებისთვის. პროცესს სწორი ნაბიჯებით ვიწყებთ და ვიზღვევთ თავს უსაფრთხო და დაცული მომავლისთვის, რაც ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა უნდა იყოს.
რაც შეეხება სხვა უპირატესობებს, ის მომხმარებელთან კომუნიკაციასა და მომსახურებას ეხება. ამჟამინდელ ბირჟებზე შეიძლება ორი რამ ითქვას: ძალიან რთულია და არავინ დაგეხმარება. თითქმის ყველა ბირჟის შემთხვევაში, მყისიერი დახმარების ან სწრაფი კომუნიკაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია, გადარიცხვისას ან ფულის მიღებისას შეცდომა კი კრიპტოს მცოდნე გამოცდილმა ადამიანმაც შეიძლება დაუშვას ბლოკჩეინის არ ცოდნით ან თუნდაც რთულ ინტერფეისში დაკარგვით.
ჩვენ ამ ორი მოცემულობის შეცვლა გვინდა. Nordom-ი უნდა იყოს ძალიან მარტივი – პლატფორმა, რომელზეც ყველა დაგეხმარება. ამას კი უნიკალური დიზაინითა და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდით შევძლებთ. მარტივად რომ ვთქვათ, გვსურს, დამწყებსაც და გამოცდილ ტრეიდერებსაც გავუმარტივოთ ნებისმიერი სახის კრიპტო გამოცდილება.
რა გზა განვლო პროექტმა და როგორია დღევანდელი მოცემულობა? შეგვიძლია კონკრეტულ შედეგებზე საუბარი?
როგორც ვახსენე, ლიცენზირების პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაზეც უკვე ერთ წელზე მეტია ვმუშაობთ და დიდწილად სწორედ ამაზე ვართ დამოკიდებულნი. ამის შესაბამისია ჩვენი სტრატეგიაც და დღემდე განვლილი განვითარების გზაც. პირველ ეტაპზე, ვცდილობდით, ფოკუსი სწორ პოზიციონირებაზე გაგვეკეთებინა, შევიმუშავეთ ბრენდინგი, პლატფორმა, დიზაინსისტემები, SEO და ყველა ის საჭირო კომპონენტი, რომელიც წარმატებული პროდუქტის წინაპირობაა. ამ პერიოდშივე ვკრავდი გუნდს, რომელიც ამ გამოწვევასთან გამკლავებას შეძლებდა. შეიძლება ითქვას, პირველი ეტაპი სრულყოფილად გავიარეთ. მარკეტინგის და დიზაინის, საკომუნიკაციო არხებისა და გუნდის კუთხით ბრენდთან არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რაც უდიდესი კომფორტია.
მეორე ეტაპი სწორედ საძირკვლის ჩაყრის შემდეგ დაიწყო, როცა გადავწყვიტეთ, რომ მიმდინარე ტრენდის შესაბამისად, გემიფიკაციისთვის მიგვემართა. ვგეგმავთ და ვუშვებთ Utility Token-ს, გვექნება საკუთარი გაცვლითი პლატფორმა და ეარდროპებით დაწყება ყველაზე სწორი არჩევანი იყო. მეორე ეტაპზე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მოვიფიქრეთ ყველაზე საინტერესო კონცეპტი და შევქმენით თამაში, რომელიც პირველი ეტაპია ეარდროპისა და ტოკენიზაციის. შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშმაც ძალიან კარგად იმუშავა, რადგან შევძელით, შეგვეკრა დაინტერესებული ადამიანების წრე პროდუქტისთვის, რომელიც ჯერ არ არის გაშვებული.
ციფრებზე თუ ვისაუბრებთ, 7 მილიონამდე გლობალური მომხმარებლის მოზიდვა შევძელით პლატფორმაზე, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი მილიონი მიიღებს ეარდროპს, ერთი მომხმარებლის მოზიდვის ღირებულება კი სტანდარტულზე დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია. ესაა სეგმენტი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა იმ დავალებებს, რომლებსაც ვაძლევდით. ეს ხალხი თითქმის ყველა ჩვენს სოციალურ ქსელში წამოვიყვანეთ და ჯამში 3.5 მილიონამდე გამომწერი გვყავს. თან ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. შემზადების ფაზა სრულდება, მთავარი კი ახლა იწყება.
ნიკა, თავად რატომ დაინტერესდით მარკეტინგით და როგორ მოხვდით Moncero-სა და Nordom-ში?
ოფიციალურად, 10 წელზე მეტია მარკეტინგში ვარ, არაოფიციალურად კი, შეიძლება ითქვას, რომ 15 წლიდან ამ სფეროში ვსაქმიანობ. მაგალითად, ჯერ კიდევ 2010-იან წლებში მქონდა ბლოგი, გასართობი გვერდები სოციალურ ქსელში. მაშინ ამას მარკეტინგს ნაკლებად ვეძახდი, თუმცა იმდენად საინტერესო და კომფორტული საქმე იყო, რომ, როცა პირველი სამსახური ქოფირაითერის და კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მივიღე, ვიცოდი, რომ ეს ის სფერო იყო, სადაც არცერთი წამი არ მოვიწყენდი და არც მოტივაციის ნაკლებობა მექნებოდა.
აქედან იწყება ჩემი მარკეტინგული თავგადასავლები. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ 10 წლის განმავლობაში თითქმის ყველა სახის პროექტზე და პროდუქტზე მიმუშავია, თუმცა ჩემს პორტფოლიოში, ძირითადად, სააგენტოები და Web3/კრიპტოპლატფორმებია, მათი უდიდესი ნაწილი კი საერთაშორისო პროექტებია საერთაშორისო სამიზნე აუდიტორიით. სწორედ საერთაშორისო გამოცდილებისა და კრიპტომიმართულების სპეციფიკურობიდან გამომდინარე გადაიკვეთა ჩემი და ამ ორი კომპანიის გზები. ისინი ეძებდნენ ადამიანს, რომელიც მათ სააგენტოს ფორმირებასა და ამერიკული ცენტრალური ბირჟის მარკეტინგის გაძღოლაში დაეხმარებოდათ, ამ გამოწვევას კი დიდი ენთუზიაზმით შევეჭიდე.
ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესო სამუშაო გარემო, სადაც ყოველი დღე გამოწვევაა და სიახლე. სწორედ ესაა სივრცე სადაც ზრდას ახერხებ, მასშტაბები კი ამ გამოწვევებს უფრო საინტერესოს ხდის. საერთაშორისო ბაზარი შეიძლება შევადაროთ მდინარეში თევზაობიდან ოკეანეში თევზაობაზე გადასვლას – მრავალ განსხვავებული სახეობის თევზს შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდება.
ერთ-ერთ ბლოგში წერთ, რომ მარკეტინგის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თანამედროვეობაში კრეატიულობის ნაკლებობაა. რატომ ფიქრობთ ასე? რა არის გამოსავალი?
საერთაშორისო ბაზრის გამოწვევებმა მაჩვენა მარკეტინგის ის მხარე, რომელსაც ქართულ პროდუქტზე მუშაობისას ვერ შეხვდები. ჩვენი ბაზარი, ზომიდან და ქცევიდან გამომდინარე, ძალიან ერთფეროვანია. როდესაც ქვეყნის საზღვრებს სცდები, ხვდები, რომ მხოლოდ Meta-ს რეკლამით შორს წასვლაზე საუბარიც რთულია და ბიუჯეტის 1%-საც არ უნდა უთმობდე, როცა ჩვენთან პირიქითაა. საერთაშორისო ბაზარი ნიშნავს არასტანდარტული საკომუნიკაციო არხების გამოყენებას, affiliate და referral მარკეტინგს, cold outreach-ს, lead scraping-ს, იმეილ მარკეტინგსა და მრავალ ერთმანეთზე საინტერესო რამეს.
ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგის აღქმა და სწავლება ძალიან სწორხაზოვნად ხდება, რაც სულ უფრო და უფრო კლავს კრეატივს ამ ინდუსტრიაში. კრეატიული სააგენტოები მუშაობენ ჯილდოების მიღებაზე, კომპანიები ცდილობენ გაყიდვების გაზრდას და თითქოს ეს ორი ბუნებრივად არსადაა დაკავშირებული იმ გამონაკლისების გარდა, რომლებიც რეალურად ხდება მსოფლიო ბაზარზე და თითქმის ვერასოდეს ქართულ ბაზარზე.
გამოსავალზე საუბარი საკმაოდ რთულია, ალბათ, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ყველამ უნდა სცადოს რაც შეიძლება ბევრი ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხი და იფიქროს ყოველთვის განსხვავებულად. დროთა განმავლობაში გამოცდილება თავისას იზამს. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ერთ-ერთი პრობლემა ალბათ დემოგრაფიაა – მცირე სამიზნე აუდიტორიებს იმდენად პატარა ნიშური ინტერესები აქვთ, რთულია შეძლო შესაბამის ბიუჯეტში ერთდროულად კრეატიულობის და შედეგის მიღწევაც.
დაბოლოს, როგორია Moncero-სა და Nordom-ის სამომავლო გეგმები?
კომპანიისა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტის სამომავლო გეგმებზე გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი განსხვავებული პროექტის გეგმებს ერთი რამ აერთიანებს და ეს არის ამბიცია. როგორც Moncero-ში, ისე Nordom-ის პროექტზე ძალზე მასშტაბური გეგმები და მოლოდინები გვაქვს. პირველ შემთხვევაში ვზრუნავთ, რომ მომხმარებელს სრულფასოვანი ციფრული და არამარტო ციფრული სერვისი შევთავაზოთ, შევქმნათ შესაშური პორტფოლიო და პროექტები, რომლითაც მთელი გუნდი იამაყებს.
რაც შეეხება Nordom-ს, თამაში დასასრულს მიუახლოვდა და ბოლო ფაზაში გადავიდა, შემდეგი ეტაპი კი სრულად ვებზე გადასვლა და გემიფიკაციის ამ მოდელის ჩახსნაა. შესაბამისად, ვისაც აქტივობა ან ანგარიშების აღდგენა სურს, ახლა საუკეთესო დროა, რადგან თუ ბოლო დავალებები შესრულებული არ იქნება, შესაძლოა მათ დაგროვილი ქულები დაკარგონ. ვებში გადასვლა გულისხმობს KYC-ის (know our customer) გავლას და არსებული თამაშის Nordom-ის ოფიციალურ საიტთან დაკავშირებას, რის შემდეგაც ტესტნეტის ფაზას დავიწყებთ და გაცვლითი პლატფორმის ოფიციალურ გაშვებაზე გადავალთ.
ტესტნეტის დასრულების შესაბამისად და ყველა საჭირო ლიცენზიის მიღებისას, დავიწყებთ საკუთარი ტოკენის დისტრიბუციას და ეარდროპს, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი მომხმარებელი. თუმცა დეტალურ ინსტრუქციას, რა თქმა უნდა, Nordom-ის ოფიციალური გვერდებიდან შეიტყობთ. სულ ცოტა გვრჩება, რომ ამერიკის ბაზარზე გავუშვათ კრიპტობირჟა, რომელიც ახლო მომავალშივე კონკურენციას გაუწევს გლობალურ და ყველასათვის კარგად ნაცნობ ბირჟებს.
ეს შემიძლია გაგიზიაროთ ჩვენს გეგმებსა და ამბიციებზე. უკვე განვლილი დრო და გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს, რომ ჩვენი ამბიციები რეალურია, მიღწევადია და სწორ გზას ვადგავართ.