ოფიციალურად გაშვებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, მარკ ცუკერბერგის ახალმა სოციალურმა პლატფორმამ, რომელიც Twitter-ის ალტერნატივას წარმოადგენს, 30 მილიონი მომხმარებელი მიიზიდა. თითქმის ერთი კვირის გასვლის შემდეგ კი Threads-ზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა 200 მილიონს აღწევს.
Threads-ის უმსხვილეს კონკურენტ Twitter-ს, რომელიც გასულ წელს ილონ მასკმა შეიძინა, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, Meta-ს პლატფორმაზე შედარებით მეტი, 237.8 მილიონი აქტიური დღიური მომხმარებელი ჰყავდა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, საკმაოდ წარმატებული სტარტის პირობებში Threads-ს აქვს პოტენციალი, 3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი Facebook-იდან, Instagram-იდან და WhatsApp-იდან ახალ პლატფორმაზე გადაიყვანოს.
ცუკერბერგის ტექნოლოგიურმა გიგანტმა გასულ წელს $117 მილიარდი გამოიმუშავა – ძირითადი ნაწილი სწორედ რეკლამირებიდან. მასკი საკუთარი ელექტრომობილების ბრენდის, Tesla-ს პოპულარიზაციისთვის რეკლამების გამოყენებაზე უარს აცხადებს, Twitter-ის დასაფინანსებლად კი ალტერნატივებს ეძებს. ცუკერბერგის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე რეკლამები არ განთავსდება Threads-ზეც: „ჩვენი მიდგომა Threads-ის მიმართ Meta-ს სხვა პროდუქტებისადმი დამოკიდებულების მსგავსი იქნება: საწყის ეტაპზე პროდუქტის კარგად მუშაობაზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, ერთ მილიარდ მომხმარებლამდე ასვლის შემთხვევაში კი მის მონეტიზაციაზე ვიფიქრებთ“.
თუმცა Threads-ის რეკლამას Meta-ს მთლიანი შემოსავლისთვის 1%-5%-ის დამატება შეუძლია, რაც ყველაზე ოპტიმალურ შემთხვევაში $6 მილიარდია. Twitter-მა, ილონ მასკის მიერ მის შესყიდვამდე, 2021 წელს რეკლამებიდან $4.5 მილიარდი გამოიმუშავა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ილონ მასკი Meta-ს სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა და კომპანია „კომერციული საიდუმლოების მოპარვაში“ დაადანაშაულა. თუმცა მასკის მიერ სოციალური ქსელის შესყიდვის შემდეგ Twitter-ის ალტერნატივას ბევრი ადამიანი ეძებდა, ცუკერბერგის ნაბიჯი კი ამ მხრივ საკმაოდ გონივრულია.
თუმცა მოდისა და ცხოვრების სტილის კონტენტისთვის წამყვანი პლატფორმა Instagram-ია, ანალიტიკოსთა შეფასებით კი, მსგავსი ტიპის შინაარსისთვის ახალი სოციალური ქსელის არსებობა საჭირო არაა. თავის მხრივ, ცუკერბერგის Meta-ს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს ახალი ამბების სექტორთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ კანადური საინფორმაციო საშუალებების გამოჩენა დაიბლოკა Facebook–სა და Instagram-ზე – მიზეზი კანადის კანონმდებლობის ცვლილებაა, რომელიც ისეთ კომპანიებს, როგორიც Google-ი და Meta არიან, თავიანთ საძიებო ველსა და „ფიდში“ ახალი ამბების განსათავსებლად, შესაბამისი ღირებულების გადახდას ავალდებულებს.
თავის მხრივ, რეკლამის განმთავსებლებიც სიფრთხილეს იჩენენ, რადგან არ სურთ, მათი თანხა ისეთ პლატფორმებზე დაიხარჯოს, რომლებიც დეზინფორმაციისა და კონფიდენციალურობის რისკს შეიცავს. ანალიტიკოსების შეფასებით, Meta უკვე იყო ერთ-ერთი, ვინც Twitter-ის დაკარგული ბიზნესიდან სარგებელს იღებდა. თუმცა სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები ცუკერბერგის კომპანიის მიმართაც ხშირად ჩნდება.
წლების განმავლობაში მარკეტოლოგები Meta-ს მონაცემების გამჭვირვალობასა და სიზუსტეს ედავებოდნენ, გარდა ამისა, კომპანიამ კრიტიკა მომხმარებელთა მონაცემების დამუშავებისა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების გამოც დაიმსახურა. უნდა ითქვას, რომ ოთხშაბათს, ახალი აპლიკაციის ოფიციალურად გაშვებამდე, Meta-ს აქციები 4%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორების ნდობის ნიშანია. მაგრამ ანალიტიკოსების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ახალი ამბების კონტენტის მიმართულებით, Twitter-ის ჩანაცვლება საკმაოდ რთული პროცესი იქნება.