შეიარაღების უმსხვილესი ექსპორტიორები 2021-2025 წლებში

შეიარაღების უმსხვილესი ექსპორტიორები 2021-2025 წლებში

ფოტო: Reuters

 

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI) შეიარაღებით საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2021-2025 წლებში იარაღის ტრანსფერის ცვლილებებს ასახავს. გლობალური კონფლიქტების მიმდინარეობა შეიარაღების ტრანსფერის მოცულობას მნიშვნელოვნად ზრდის, მით უფრო, თუ აღნიშნული კონფლიქტები რეგიონულია და მათში რამდენიმე აქტორია პირდაპირ თუ ირიბად ჩართული.

SIPRI-ის ახალი კვლევის თანახმად, 2021-2025 წლებში შეიარაღების საერთაშორისო ტრანსფერის რაოდენობა 2016-2020 წლებთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა, რაც 2011-2015-წლიანი პერიოდის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდაა. აღნიშნულ ზრდაზე გავლენა იქონია რეგიონული და ლოკალური კონფლიქტების ზრდამ, მათ შორის უკრაინაში ომმა, ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტებმა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე დაპირისპირებებმა.

2021-2025 წლებში იარაღის ხუთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი შეერთებული შტატები, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია და ჩინეთი იყვნენ. თუმცა შეერთებული შტატები იარაღის ექსპორტში დომინაციას კვლავ არავის უთმობს. 2021-2025 წლებში იარაღის საერთაშორისო ექსპორტის 42% სწორედ აშშ-ზე მოდიოდა, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება რეიტინგში მომდევნო ადგილის მფლობელისას.

აშშ-ის დომინაცია 2016-2020 წლებთან შედარებითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. წინა ხუთწლეულის შემდეგ შეერთებული შტატების წილი გლობალურ ექსპორტში 27%-ითაა გაზრდილი. ამერიკული იარაღი ყველასათვის სასურველია, თუმცა დიდი ღირებულებით გამოირჩევა, რის გამოც ბევრი სახელმწიფო არჩევანს უფრო იაფ ალტერნატივაზე აჩერებს ხოლმე. თუმცა, მოგეხსენებათ, შეიარაღების შესასყიდად მხოლოდ ფინანსები საკმარისი არ არის და კონკრეტულ ქვეყანას მწარმოებელი სახელმწიფოს მთავრობის ნებართვაც ესაჭიროება.

ყველაზე დიდი რაოდენობით ამერიკულ იარაღს 2021-2025 წლებში საუდის არაბეთი (12%), უკრაინა (9.4%) და იაპონია (8.9%) ყიდულობდნენ.

SIPRI-ის კვლევის თანახმად, იარაღის ექსპორტიორი სახელმწიფოების რეიტინგში მეორე ადგილი საფრანგეთს უკავია. 2021-2025 წლებში საფრანგეთიდან ექსპორტირებული შეიარაღების წილმა გლობალურ ექსპორტში 9.8% შეადგინა, რაც 2016-2020 წლების მაჩვენებელს 21%-ით აღემატება.

ფრანგული შეიარაღებით საკვლევ პერიოდში ყველაზე მეტად ინდოეთი (24%), ეგვიპტე (11%) და საბერძნეთი (10%) ინტერესდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეიარაღების მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი რუსეთი, 2021-2025 წლების სტატისტიკაში მესამე ადგილზე დაქვეითდა. 2016-2020 წლებში რუსეთი გლობალურად 21%-იანი წილით მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი იყო, თუმცა 2021-2025 წლებში მისი წილი 6.8%-მდე შემცირდა, კლებამ კი 64% შეადგინა.

რუსული შეიარაღებით დაინტერესებულთა სამეულს შემდეგი სახელმწიფოები შეადგენენ: ინდოეთი (48%), ჩინეთი (13%) და ბელარუსი (13%).

რეიტინგის მეოთხე ადგილი ბოლო ხუთი წლის მონაცემებით ჩინეთის ნაცვლად გერმანიამ დაიკავა, რომლის საექსპორტო მაჩვენებელიც სტაბილურად იზრდება. 2021-2025 წლებში იარაღის გლობალური ექსპორტის 5.7% სწორედ გერმანიაზე მოდის, 2016-2020 წლებში კი ეს მაჩვენებელი 5.4% იყო. გერმანული შეიარაღების ექსპორტის 24% – უკრაინაზე, 14% – ეგვიპტეზე, ხოლო 10% ისრაელზე მოდის.

გერმანიისა და საფრანგეთის საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მიმდინარე ყველაზე დიდი კონფლიქტი უკრაინაში. აღნიშნული ომი ევროპული სახელმწიფოების მთავრობებს უბიძგებს, საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდონ, რათა რუსეთის პოტენციური მომდევნო აგრესიის მსხვერპლი თავად არ აღმოჩნდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე მზარდი თავდაცვის ინდუსტრიის მქონე ჩინეთი, 2021-2025 წლებში საექსპორტო რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა. მისი წილი გლობალურ ექსპორტში 5.6%-ია. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ჩინეთი ამ მხრივ უფრო რეგიონული მოთამაშეა და მისი ექსპორტი ძირითადად აზიას, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს მოიცავს.

ჩინური შეიარაღების მთავარი შემსყიდველი 2021-2025 წლებში პაკისტანი (61%) იყო. ჩინეთის შეიარაღების ექსპორტის 6.8% მოდიოდა სერბეთზე, ტაილანდზე კი – 4.7%.

რეიტინგის ათეულში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება იტალიაც, რომლის ზრდამაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 157% შეადგინა. ტოპ-10-ში ხვდება ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, სამხრეთი კორეა და ესპანეთი.

წილი შეიარაღების გლობალურ ექსპორტში
რეიტინგიმწარმოებელი2021-2025 წლები2016-2020 წლები
1აშშ42%36%
2საფრანგეთი9.8%8.8%
3რუსეთი6.8%21%
4გერმანია5.7%5.4%
5ჩინეთი5.6%5.5%
6იტალია5.1%2.2%
7ისრაელი4.4%3.1%
8გაერთიანებული სამეფო3.4%3.3%
9სამხრეთი კორეა3.0%2.6%
10ესპანეთი2.3%2.4%

2021-2025 წლებში შეიარაღების საიმპორტო ტენდენციების შესახებ სტატიას გაეცანით, აქ.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.