ინტერვიუ ახლო აღმოსავლეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან, რომელიც გლობალური კულტურის ეპიცენტრში ცხოვრობს.
ჩვენი კულტურების მიმართ ყოველთვის მგრძნობიარენი უნდა ვიყოთ, რადგან მთელი არსი არა ჩვენი რწმენის ეჭვქვეშ დაყენებაში, არამედ ჩვენი აზროვნების განვითარებაშია. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ყველამ დაინახოს, რა ხდება სამყაროში”, – ამბობს მისი უდიდებულესობა შეიჰა ალ-მაიასა, არაბეთის ყოფილიამირას ქალიშვილი და ალ-ტანის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. 36 წლის შეიჰა ყატარის მუზეუმების პრეზიდენტია და დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება მსოფლიო სახელოვნებო სცენაზე.
ამ ინტერვიუს დიდი ხანი, უფრო ზუსტად კი რამდენიმე წელიწადი დასჭირდა, რადგან არათუ ჟურნალისტებთან, შეიჰა საზოგადოების წინაშეც იშვიათად ჩნდება. ჰყავს ოთხი შვილი და ფოტოებში მხოლოდ თავზე ჩადრწაკრულს თუ ნახავთ. მოგზაურობაზე იმდენ დროს ხარჯავს, რომ ძალიან გაუჭირდა თავისუფალი დღის პოვნა ჩვენი ინტერვიუსთვის. ბოლოს ვენეციაში შევხვდით, სადაც ის, ოჯახთან ერთად, არქიტექტურის ბიენალეს სტუმარი გახლდათ.
სასტუმრო Cipriani-ის აპარტამენტებში ველოდები (როგორც მითხრეს, კლუნების ქორწინების აღსანიშნავ წვეულებაზეა). სასტუმროს პატარა აივნიდან, ლაგუნის გადაღმა, კარგად მოჩანს სან-მარკოს ფასადები. სწორედ რომ მიზანსცენის შესაფერისი ადგილმდებარეობაა. ვენეცია ხომ ის ქალაქია, სადაც ისტორიულად ევროპა და აზია ერთმანეთს შეხვდა, ვაჭრობამ კი ჯადოსნური ხელოვნება გადაკვეთა. ფული, პატრონაჟი და კულტურაზე დიდი მოთხოვნილება: ეს სწორედ ის ელემენტებია, რომლებმაც წარსულში ხელოვნების შთაგონება გამოიწვია. რთულია იმ მსგავსებების უარყოფა, ჩინკვეჩენტოს მოყვარულებსა და ალტანის 21-ე საუკუნის გლობალიზებულ ამბიციებს შორის რომ არსებობს.
“მჯერა, რომ კულტურა და ხელოვნება გვაძლევს შესაძლებლობას, რთულ თემებზე ღიად ვისაუბროთ”.
ამ შეხვედრისთვის საგულდაგულოდ მომამზადეს. არა მხოლოდ ინფორმაციით მომამარაგეს, არამედ ისიც მასწავლეს, როგორ უნდა მივმართო შეიჰას (“თქვენო უდიდებულესობავ”); გამაფრთხილეს, არ დამვიწყებოდა, რომ ის სამეფო ოჯახის წარმომადგენელია, ამიტომ როგორც დედოფალს, ისე
უნდა მოვექცე, არ დავამყარო არანაირი ფიზიკური კონტაქტი. ამ ეტიკეტის გათვალისწინებით და ბევრი იტალიური ყავის შემდეგ, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ ვნერვიულობ.
ახალგაზრდა ქალი აპარტამენტებში გრაციოზულად შემოდის, მესალმება და ელეგანტურად ეშვება სავარძელში. მისი გარეგნობა ნამდვილად არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის საუცხოო ნაზავი. თეთრი ბლუზა და ბარბერის სპორტული ფეხსაცმელი აცვია. გაშლილი, გრძელი თმები აქვს. შეიჰა ალ-მაიასა კოსმოპოლიტია, ამიტომაც მისი ჩაცმულობა სულაც არ არის გასაკვირი. განათლება აშშ-სა და პარიზში აქვს მიღებული, თავისუფლად საუბრობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ოდნავ შესამჩნევი არაბულ-ამერიკული აქცენტით. მასთან შეხვედრისას სულ მალე იგრძნობთ, ვინ არის და რას წარმოადგენს, რადგან ამის დაფარვას სულაც არ ცდილობს. ძალიან გრაციოზული და პირდაპირია, არ კეკლუცობს თავისი სტატუსით და ეტყობა, რომ დიდი ძალაუფლება აქვს.
არტისტებზე, რომელთანაც უმუშავია, ენთუზიაზმით საუბრობს. აღნიშნავს, რომ ბევრ რამეში გაუმართლა. იხსენებს ლუიზ ბურჟუასთან მის გარდაცვალებამდე შეხვედრას (“თუ არ ვცდები, მისი ბოლო ნამუშევრის, Maman-ის, შესყიდვას განვიხილავდით”), ასევე მონა ჰატუმს, რომელიც ყოველთვის ახალგაზრდა ადგილობრივ ხელოსნებთან თანამშრომლობს (“ძალიან საინტერესოა მისი ეს თავგადასავლები”). შეიჰა თავის სამუშაოს დიდი პასუხისმგებლობითა და სახელმწიფოს სამსახურში ყოფნის მნიშვნელობით ეკიდება. საკუთარ თავსაც სახელმწიფო მოხელეს უწოდებს.
თუმცა სიმართლე ის არის, რომ შეიჰა ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების სამყაროს იმ შუაგულში დგას, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე მოუსვენრად ცდილობს ეკონომიკის გამრავალფეროვნებას მაშინ, როცა ამის საჭიროება მხოლოდ იმიტომ არ არსებობს, რომ ნავთობისა და გაზის წყალობით, ნებისმიერი პროექტის სისრულეში მოყვანა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.
აბუ-დაბიში, რომელიც ნაცნობი კულტურული “ბრენდებით” არის დაკომპლექტებული, უკვე არსებობს ლუვრის, გუგენჰაიმისა და ბრიტანული მუზეუმის “ფილიალები”. Harrods-თან აბუ-დაბის მთავრობას დათმობებზე წასვლა მოუწია. ეს ორგანიზაცია, რომელიც ყატარის საკუთრებაა, საკუთარ პოლიტიკას აწარმოებს. როგორც შეიჰა გვიხსნის, ყატარის მუზეუმს სტრატეგიის რთული გზა აქვს არჩეული, კერძოდ, მისი შესყიდვებისა და განვითარების თანხვდენა მომავალზე ზრუნვასა და ტრადიციების შენარჩუნებაზე გადის.Bloomberg-ის შეფასებით, ყატარის მუზეუმების ყოველწლიური შესყიდვების რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს ითვლის. ჟურნალ Art&Auction-ის მიხედვით, შეიჰა ალ-მაიასას მთელი ქვეყნის რესურსები ხელთ უპყრია.
“ქალებმა სხვადასხვა სექტორში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს”
ნავთობისა და გაზის წყალობით, ყატარის სახელმწიფოს მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინანსური კაპიტალი და შიდა ზრდის პოტენციალი გააჩნია. მისმა აურაცხელმა ძალაუფლებამ ფესვები ღრმად და ფართოდ გაიდგა (Harrods-ი მათ საკმაოდ იაფად შეიძინეს). როგორც ამბობენ, 2015 წელს შეიჰამ გოგენის ტილოში, “როდის დაქორწინდები?” 300 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც ნახატში გადახდილი რეკორდული თანხაა. New York Times-მა რამდენჯერმე გამოაცხადა, რომ ამ ტილოს რეალური ფასი 210 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ხმები იმის შესახებ, რომ შეიჰამ სწორედ ეს თანხა გადაიხადა, დღემდე დადის.
მის შენაძენთა სიაში ასევე შედის სეზანის “ბანქოს მოთამაშეების” 250-მილიონიანი სერია, დემიენ ჰერსტის 20 მილიონ დოლარად შეფასებული “წამლების კარადა”, და მრავალი სხვა. ეს პროცესი ცოტა ხნის წინ შეჩერდა. ბევრის აზრით, და იმის გათვალისწინებით, რომ ნამუშევრებიდან არც ერთი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში გამოფენილი არ არის, შეიჰას განზრახვებს მხოლოდ განაცხადის მიზანი ჰქონდა. თუმცა არავინ უარყოფს, რომ არაბთა მისტიკურმა პრინცესამ მსოფლიო ხელოვნების სცენა ფეხზე დააყენა.
ალ-ტანის ოჯახი ისეთი დონის კოლექციონერი ოჯახია, რომ მათ ხშირად მედიჩებს ადარებენ. თუმცა შეიჰას საუბრებში აქცენტი ყველაზე ხშირად მისი ქვეყნის კულტურულად განვითარების დიდ მნიშვნელობაზე კეთდება. ყატარს მოხეტიალე ბედუინების მდიდარი წარსული აქვს, თუმცა იქ, ბოლო წლებში, არც ისე სახარბიელო მოვლენები განვითარდა. ხელოვნების გამოყენებით, პრინცესა ცდილობს, მომავლისკენ გაიხედოს. “სხვა თუ არაფერი, ხელოვნება დიალოგის წარმართვაში გვეხმარება”, – ამბობს ის. ყატარის რეპუტაცია ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ის სუნიტი ისლამისტების გაერთიანებასთან, “მუსულმანების თანამეგობრობასთან” ასოცირდება, ხოლო საეჭვო გამარჯვება, რომელიც მათ 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მოსახვედრად მოიპოვეს, ბევრ კითხვას ბადებს. შეიჰას თქმით, ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კუთხით კლიმატის სასიკეთოდ შეცვლა.
Mathaf-ში (არაბეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი), ახალი ინიციატივების რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია. გალერეაში ხშირად არის გამოფენილი ის ნამუშევრები, რომლებიც ალ-ტანის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. ასევე რეგულარულად ეწყობა სახელოვნებო რეზიდენციები ყოფილი ადამიანთა უფლებათა დაცვის სამინისტროს შენობაში, სადაც 24 სამუშაო სივრცეა შექმნილი. “თავდაპირველად არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ამ ოთახებს გავავსებდით. თუმცა პირველივე წელს განცხადებები 120 აპლიკანტისგან შემოგვივიდა, რაც დიდ ინტერესსა და მოთხოვნაზე მეტყველებს”. ამასობაში ჩინელ-ამერიკელი არქიტექტორის, იმ პეის დაპროექტებული ფერადი შენობა დოჰაში, სადაც ისლამის ხელოვნების მუზეუმია განთავსებული, მრავალი ისტორიული არტეფაქტით არის დაკომპლექტებული და შესაბამისად, მუზეუმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.
ჟან ნუველის დიზაინით აშენებული ეროვნული მუზეუმი მომავალ წელს იხსნება და ასეთივე პომპეზურობას გვპირდება. მუზეუმი უდაბნოს ვარდის ფილებით იქნება მოპირკეთებული. შენობის საინჟინრო სამუშაოები იმდენად გრანდიოზულია, რომ “ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტები მის შესასწავლად ჩამოდიან, – ამბობს შეიჰა. შენობა ქვეყნის სიამაყეა. – მუზეუმის მთავარი ფოკუსი სწორედ ყატარი და ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალია”. მშენებლობა ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას და საგამოფენოდ მათივე მფლობელობაში არსებული ნამუშევრების მუზეუმისთვის თხოვებას გულისხმობს.
გამოფენაზე ნამუშევრის მფლობელის სახელის გამოაშკარავების პრაქტიკა ერთეულების გულისხმიერებისა და მათი კულტურაში შეტანილი ღვაწლის პოპულარიზაციის მცდელობაა, განსაკუთრებით საზოგადოების უფრო კონსერვატიული სექტორების წარმომადგენლებისთვის ისეთ შემთხვევებშიც კი, როგორიც არის თანამედროვე ხელოვანის, რიჩარდ სერას ოთხი ფოლადის სვეტის ინსტალაცია ყატარის უდაბნოს შუაგულში. ნამუშევრის დადგმა, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთ/დასავლეთ-აღმოსავლეთი ეწოდება, შეიჰა ალ-მაიასას იდეა იყო. “ზოგს ეს ინსტალაცია ძალიან მოეწონა, ზოგისთვის კი საკმაოდ მიუღებელი აღმოჩნდა. მაგრამ ახლა, შეიძლება ითქვას, რომ ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ახლობლად ყოველთვის ბევრი ხალხი ირევა; ფოტოებს იღებენ, პიკნიკებს მართავენ…” ასეთ ადგილას მსგავსი ნამუშევრის – თანამედროვე სამყაროს ქვის მონუმენტის შექმნა ქვეყნის მემკვიდრეობისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი რამ არის.
თუმცა ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ბევრს გაუჭირდება. მაგალითად: რა ბედი ეწევა ხელოვნების იმ უდიდეს საგანძურს, რომლის განკარგვაც შეიჰას ხელშია. გადაიქცევა თუ არა ისიც ისეთივე არაბულ ბიზნესად, როგორიც არის ცხენების დოღი? იარსებებს თუ არა ის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს უბრალო სანახაობად აქცევენ? უნდა მიემგზავრებოდეს თუ არა პერმანენტულად ხელოვნების შედევრები ახლო აღმოსავლეთში ან სხვა მდიდარ სახელმწიფოში? ქვეყნებში, სადაც ფული ბუნებრივი რესურსებივით მოედინება და სადაც მოსახლეობა ასეთი ახალგაზრდაა? (ყატარის მცხოვრებთა 60%-ის ასაკი 30 წელს ქვემოთ არის) თუ ასეა, მაშ რას ნიშნავს თავად ხელოვნება? დაიბადება თუ არა ახალი მიმართულებები იმ შემთხვევაში, თუ მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფლება წაერთმევა? უფრო მარტივად რომ ავხსნა, შესაძლოა თუ არა რუბენსის შიშველი ნატურის ბრწყინვალე შედევრების მუსულმანურ ქვეყანაში გამოფენა?
ხელოვნება, თავისი მნიშვნელობით, უფრო მეტად, ევროპასთანაა ასოცირებული. შეიჰა ალ-მაიასა, სავარაუდოდ, ამ მოსაზრებას ემხრობა, თუმცა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობს, რომელიც ამას არასდროს შეეგუება. “რუბენსის პრობლემაზე” მას ასეთი აზრი აქვს: “გეთანხმებით. მაგრამ კულტურა და მისი განვითარება სწორედ აკრძალული თემების მიმართ ღიაობას გულისხმობს”. მაგალითისთვის, 2012 წელს შეიჰამ ფოტოგრაფ ბრიჟიტ ლაკომბის გამოფენას, “არაბი ქალები სპორტში”, გაუწია ორგანიზება. ზოგიერთი ფოტო დასავლური სამყაროსთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა – ფრენბურთის მოთამაშეები, რომლებიც თავიდან ფეხებამდე იყვნენ “შეფუთულები”. თუმცა იყვნენ სხვებიც, რომლებსაც ჩვეულებრივი სპორტული ფორმები ეცვათ. დამთვალიერებლისთვის საინტერესო იყო იმ ფოტოების ნახვა, რომელთაც გამბედავი, თუმცა ზომიერი პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც კარგად იცნობს ახალგაზრდა მოქანდაკის, ჰანა ალ-საადის, ბალერინის პუანტებსა და ჩადრიან სამოსში გამოწყობილი მოცეკვავის სკულპტურას. “ვფიქრობ, ჰანა ალ-საადი ამით საკუთარი ცხოვრების ისტორიას მოჰყვა. ბავშვობაში ის ბალეტს ცეკვავდა. გარკვეულ ასაკში ბალერინის სამოსის ტარება კი ჩვენს ტრადიციებს ეწინააღმდეგება”.
შეიჰას მრავალი ხელოვანი ქალის ნამუშევრების გამოფენა აქვს ორგანიზებული. ასეთები არიან მონა ჰატუმი, ეტელ ადნანი და ლუიზ ბურჟუა. ბუნებრივია, ამ არტისტების მიმართ მის ინტერესზე და მუსულმანურ კულტურაში მათი გავლენის არსებობაზე ვეკითხები. კითხვაზე სიხარულით მპასუხობს: “მართალი ხართ, საკმაოდ ბევრი გამოფენა მოვაწყვეთ ხელოვანი ქალების მონაწილეობით!” – შემდეგ იღიმება და აგრძელებს: “სიმართლე რომ გითხრათ, გამოფენების დათვალიერების დროს მათი ისტორია და შინაარსი გვაინტერესებს. სქესზე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას. ხელოვანი მამაკაცების მხარდაჭერა კი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალების”.
“ქალებმა სხვადასხვა სექტორში საგრძნობი წინსვლა განიცადეს და ყატარის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდ როლსაც ასრულებენ. ამიტომ ყატარის მუზეუმი ცდილობს, ხელოვნების სფეროში უფრო მეტად მამაკაცების დაინტერესება გამოიწვიოს. ვფიქრობ, მუზეუმში დასაქმებული ქალების რაოდენობა კაცებისაზე გაცილებით მეტია”. ამ სფეროში მომუშავე ადამიანებზე საუბრისას ის ხაზს უსვამს, რომ ხელოვნება ყატარში უფრო მეტად ქალის პროფესიაა. ქალების ინიციატივაა ეროვნულ მუზეუმში ხელოვნების სპეციალისტის დეპარტამენტის დაარსებაც. ქვეყნის სახელოვნებო სცენაზე, თამამად შეიძლება ითქვას, ქალები დომინირებენ. შეიჰა ალ-საადის მოიხსენიებს, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და პრიზად დემიენ ჰერსტის სტუდიაში პრაქტიკულ სამუშაოებზე წასვლა ერგო. ასევე მიამბობს აიშა ნასერ-სოვაიდიზე, რომელიც სახლისთვის განკუთვნილ მოდერნიზებულ ნივთებს ქმნის. წელს აიშა ლონდონის დიზაინერთა ბიენალეს მონაწილეა.
“მათი მიღწევებით ძალიან ვამაყობ. აიშა მარტოხელა დედაა. თავისი საქმე ძალიან უყვარს, ახალგაზრდაა და ბევრს შრომობს. სხვა ქალებისთვის ის მისაბაძი ადამიანია”.
დღევანდელი სამყაროს სასოწარკვეთილ ფონზე, ისეთი ქალი, როგორიც შეიჰა ალ-მაიასაა, – ქველმოქმედი, რომელიც კულტურული ხიდების აგებაზე ზრუნავს და ძალაუფლებას პროგრესის მისაღწევად იყენებს, – დიდ იმედებს იძლევა. “მე ვფიქრობ, რომ ყველანი ოპტიმისტები უნდა ვიყოთ”, – ამბობს შეიჰა. ამაზე უკეთესი დევიზი გამოფენისთვის, რომელიც ნოემბერში იხსნება და ისლამის ხელოვნების მუზეუმის 100 წლისთავს აღნიშნავს, ძნელი წარმოსადგენია. გამოფენას “სირია მნიშვნელოვანია” ეწოდება და ამ მრავალმხრივ განადგურებული ქვეყნის მდიდარ და მრავალწლიან სახელოვნებო მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება. ასეთი გამოფენები იმას მოწმობს, რომ ცივილიზაცია არამყარი რამ არის, თუმცა ის იგნორირებასა და გაუცნობიერებაზე მაღლა დგას.
მომავალს რაც შეეხება, შეიჰა ამბობს: “როცა ეკონომიკისა და ძალაუფლების ცენტრები შეიცვლება, შეიცვლება ხელოვანთა საქმისადმი დამოკიდებულებაც. ასე რომ, ვერ გეტყვით, რა იქნება ასი წლის შემდეგ. თუმცა მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის”. მისი ეს განცხადება ინტერპრეტირების საფუძველს იძლევა, მაგრამ თუ იარსებებს ხელოვნების დინება, იარსებებს იმედიც.