SHELL-ის რუსულ ბიზნესსა და აქტივებს LUKOIL-ი ყიდულობს

SHELL-ის რუსულ ბიზნესსა და აქტივებს LUKOIL-ი ყიდულობს

რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან გასვლის მიზნით, ბრიტანული ენერგოკომპანია Shell-ი ადგილობრივ ბიზნესს ყიდის. Shell-ის შვილობილი კომპანიისა და მისი აქტივების მფლობელი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანია PJSC Lukoil-ი ხდება.

გარიგება რუსეთის მასშტაბით არსებულ 411 ბენზინგასამართ სადგურსა და საპოხი მასალების ქარხანას მოიცავს. ამ ეტაპზე, კომპანიებს შეთანხმების დეტალებისა და გარიგების ღირებულების გასაჯაროების უფლება არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ გარიგება ბოლომდე ჯერაც არ შემდგარა, რადგან ის რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურისგან ნებართვის მიღებას საჭიროებს.

Shell-ის წარმომადგენლების განმარტებით, კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთში დასაქმებული თანამშრომლების კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, აღნიშნული გარიგების წყალობით კი, 350-მდე ადამიანი სამსახურის შენარჩუნებას შეძლებს.

„Shell-ის მაღალი ხარისხის ბიზნესის შეძენა პირდაპირ თანხვედრაშია Lukoil-ის სტრატეგიასთან. ეს დაგვეხმარება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, საცალო ვაჭრობისა და საპოხი მასალების კუთხით“, – განაცხადა Lukoil-ის ვიცე-პრეზიდენტმა რაფინირებული პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით, მაქსიმ დონდმა.

ბრიტანულმა ენერგოგიგანტმა რუსული ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღო, რაც რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრასთან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან იყო დაკავშირებული.

საგულისხმოა, რომ გასულ თვეს Lukoil-ის გენერალურმა დირექტორმა ვაგიტ ალეკპეროვმა თანამდებობა დატოვა – რუსი მილიარდერი აღნიშნულ პოზიციას 29 წლის განმავლობაში იკავებდა.

კომპანიას ალეკპეროვის გადადგომის მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია მოხვედრილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.