ფოტო: Shutterstock
Shell-ის განცხადებით, ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ ვენესუელის მთავრობასთან რამდენიმე შეთანხმება გააფორმა, რომელიც მოიცავს როგორც ოფშორული ბუნებრივი აირის, ისე ხმელეთზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, Shell-მა რამდენიმე ტექნიკური და კომერციული ხელშეკრულება გააფორმა ვენესუელურ საინჟინრო კომპანია Vepica-სთან, KBR-თან და ამერიკულ ნავთობსერვისების ფირმა Baker Hughes-თან.
ცნობისათვის, Shell-ს ვენესუელაში ოფშორული გაზის გრძელვადიანი პროექტი, Dragon-ი ჰქონდა, რომელიც ბოლო წლებში ვენესუელის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეფერხდა. თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ გაცემული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ზოგადი ლიცენზიები მას პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში Shell-ის მიერ მოპოვებული ბუნებრივი აირი 2027 წლის მესამე კვარტალისთვის ტრინიდადს უნდა მიეწოდოს.
შეგახსენებთ, იანვარში შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში სამხედრო კამპანია აწარმოვა და ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა. დონალდ ტრამპმა მას შემდეგ დააანონსა, რომ ვენესუელის ნავთობრესურსები ამერიკული კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა.
იანვარში ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოში მხარი დაუჭირეს ნავთობის რეფორმას, რომელიც ბუნებრივ რესურსზე გადასახადებს ამცირებდა და კერძო მომპოვებლებს ავტონომიას უზრდიდა, რისი მიზანიც ინდუსტრიაში ინვესტიციების ზრდა იყო.













