საქართველოში 260-ზე მეტი აუდიტორული კომპანია და 450-მდე აუდიტორია რეგისტრირებული. თუმცა მათგან მხოლოდ 15 აუდიტორული კომპანია ფლობს ნებისმიერი კატეგორიის საწარმოოს ფინანსური ანგარიშის აუდიტის უფლებამოსილებას.
Forbes Georgia წარმოგიდგენთ 2024 წელს ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით აუდიტორული კომპანიების ათეულს:
1. იუაი
შემოსავალი – ₾ 13.6 მლნ
2024 წელს „იუაის“ მიერ მიღებული შემოსავლის 83.2% ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან იყო. ასეთი შემოსავლები კი, წინა წელთან შედარებით, 40.7%-ით მეტია. კომპანიის 49%-იან წილს ნიდერლანდებში რეგისტრირებული LLC Ernst & Young Holdings-ი (CIS) ფლობს (II კლასი), ხოლო 27%-ს – რუსლან ხოროშვილი (II კლასი). დანარჩენ 24%-ს თანაბრად ინაწილებენ ანა კუსრაშვილი და დმიტრო იურგელევიჩი.
2. ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო
შემოსავალი – ₾ 13.4 მლნ
„ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს“ 2024 წლის მთლიან შემოსავლებში 86.6%-ს ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან მიღებული რესურსი იკავებდა, რაც 2023 წელთან შედარებით 13.5%-ითაა გაზრდილი. აუდიტორულ კომპანიას უნგრეთში რეგისტრირებული PricewaterhouseCoopers Audting LLC ფლობს.
3. KPMG Georgia
შემოსავალი – ₾ 8.5 მლნ
2024 წელს KPMG Georgia-ს შემოსავლის 100%-იანი წყარო ფინანსური ანგარიშგების აუდიტი იყო. ამ წყაროდან მიღებული შემოსავალი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა. კომპანიის 24%-ს ყაზახური KPMG Caspian Holding-ი ფლობს. წილების 21%-ის მფლობელი კლაუს მოლერ ნილსენია, ხოლო 19-19%-ს ანტონ შჩერბაკი და ასელ ურდაბაევა ფლობენ. დანარჩენი 17%-იანი წილის მესაკუთრე სერგეი ნეზდემკოვსკია.
4. ბიდიო აუდიტი
შემოსავალი – ₾ 7.2 მლნ
„ბიდიო აუდიტის“ შემოსავლების 95.8% ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან მიღებული რესურსებია. 2024 წელს ასეთი აუდიტიდან მიღებული შემოსავლები კი 22.2%-ით იყო გაზრდილი. შპს „ბიდიო საქართველოს“ საშუალებით ბიდიო აუდიტის 36-36%-ს ზურაბ ლალაზაშვილი და ლევან მკლავიშვილი ფლობენ, ხოლო დანარჩენი 28%-ის საკუთრება, სხვადასხვა პროპორციით, ხუთ ადამიანზეა განაწილებული.
5. დელოიტი და ტუში
შემოსავალი – ₾ 4 მლნ
2024 წელს „დელოიტი და ტუშის“ მიერ ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან მიღებული შემოსავლები 31.4%-ით გაიზარდა. ასეთი შემოსავლები კი აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავლების 97.8% იყო. კომპანიის 49-49%-ს ბრიტანეთში რეგისტრირებული AGT Partners-ი და აზერბაიჯანის მოქალაქე ჯამალ ჰასანოვი ფლობენ, ხოლო დარჩენილ 2%-ს – შოთა ნანიტაშვილი.
6. ნექსია ჯორჯია
შემოსავალი – ₾ 2.8 მლნ
კომპანიის 41.35%-ს (ხმის უფლება 51%) გელა მღებრიშვილი ფლობს, ხოლო 35.38%-იანი ხმის უფლებით მეორე 41.35%-ის მესაკუთრე დავით ლომიძეა. „ნექსია ჯორჯიას“ 14.3%-ის მფლობელი ბორის მეგრელიშვილი, ხოლო 3%-ის მფლობელი დავით მამრიკიშვილია. 2024 წელს კომპანიის შემოსავლები ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან 28.1%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი შემოსავლების 96%-ია.
იხილეთ ასევე: გამორჩეული ლიდერთა შორის
7. ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები
შემოსავალი – ₾ 2.5 მლნ
2024 წელს „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“ მიერ ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან მიღებული სახსრები მთლიანი შემოსავლების 82.4% იყო. ასეთი შემოსავლები კი, წინა წელთან შედარებით, 20.6%-ითაა გაზრდილი. კომპანიის 26%-სა და 25%-ს გიორგი ხუციშვილი და ივანე კუტიბაშვილი ფლობენ. დანარჩენ 49%-იან წილზე საკუთრებას ირაკლი სირაძე, გიორგი კვერხელიძე და ვაჟა პეტრიაშვილი ინაწილებენ.
8. არესემ საქართველო
შემოსავალი – ₾ 1.9 მლნ
„არესემ საქართველოს“ სრული მესაკუთრე გიორგი კვინიკაძეა. 2024 წელს აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავლები 94.4% ფინანსური ანგარიშების აუდიტისგან მიღებული რესურსები იყო. ამავე პერიოდში, წლიურად, ასეთი შემოსავლები 1.8%-ით შემცირდა.
9. ბეიკერ ტილი ჯორჯია
შემოსავალი – ₾ 1.9 მლნ
2024 წელს მიღებული შემოსავლების 99.4% ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან მიღებული სახსრებია. ასეთი შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 30.5%-ითაა გაზრდილი. „ბეიკერ ტილი ჯორჯიას“ 47-47%-ს ივანე ჯელია და ბესიკ ბისეიშვილი ფლობენ, ხოლო დანარჩენ 6%-ს – დიმიტრი შავლაძე.
10. გრანთ თორნთონი
შემოსავალი – ₾ 1.7 მლნ
„გრანთ თორნთონის“ 2024 წლის შემოსავლებში ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან მიღებული რესურსების წილი 89.1%-ია. ასეთი შემოსავლები კი, 2023 წელთან შედარებით, 10.4%-ითაა შემცირებული. კომპანიის 48.5%-ს ემილ ვასილიანი ფლობს, ხოლო 31.5%-ს – სომხეთში რეგისტრირებული LLC GT Partners-ი. დარჩენილ 20%-ს თანაბრად ვახტანგ ცაბაძე და პაატა შურღაია ინაწილებენ.
მეთოდოლოგია
რეიტინგი მოიცავს 2024 წლის ფინანსური ანგარიშების აუდიტისგან მიღებულ შემოსავლებს. რეიტინგი მომზადებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით. რეიტინგის მომზადებაში ჩართულია მხოლოდ ის აუდიტორული კომპანიები, რომლებიც ფლობენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტის უფლებამოსილებას.