შესაძლოა, Microsoft-მა Apple-ს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი ჩამოართვას

შესაძლოა, Microsoft-მა Apple-ს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი ჩამოართვას

Apple-ის აქციების ფასის ვარდნამ, რასაც iPhone-ის გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ, შესაძლოა, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დააკარგვინოს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple-ის სმარტფონების გაყიდვები, მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე, ჩინეთში, 2024 წლის პირველ კვირაში 30%-ით დაეცა.

თუ აქციების ფასის კლება გაგრძელდება, Apple-ისგან მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუს კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი გადაიბარებს, რომელიც ბოლო პერიოდში აქციების ღირებულების ზრდის ხარჯზე მასთან კაპიტალიზაციით ჩამორჩენას უფრო და უფრო ამცირებს.

სმარტფონებზე მოთხოვნის კლებასთან დაკავშირებით შეშფოთებამ 2024 წლის დაწყებიდან 10 იანვრამდე Apple-ის აქციების ფასი 4%-ით შეამცირა, გასულ წელს დაფიქსირებული 48%-იანი ზრდის შემდეგ. რაც შეეხება მის მდევარს, Microsoft-ს, საანგარიშო პერიოდში მისი აქციების ღირებულება 2%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, 2023 წელს ზრდამ 57% შეადგინა.

Apple-ისა და Microsoft-ის აქციების ფასის ცვლილება 2020-2024 წლებში:

წყარო: Reuters

გუშინ Apple-ის აქციების ფასი 0.4%-ით შემცირდა, პარალელურად კი, Microsoft-ის აქციების ღირებულება 1.6%-ით გაიზარდა. შედეგად, პირველის კაპიტალიზაცია $2.866 ტრილიონამდე დაეცა, მეორის კი $2.837 ტრილიონს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2023 წლის 14 დეკემბერს პიკს, 3.081 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.