საკითხთან დაახლოებული პირის მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი დამატებით $25 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას და 2026 წელს აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავს.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, მასკის კომპანია IPO-ს მომავალ წელს, დიდი ალბათობით, $1-ტრილიონიანი შეფასებით განახორციელებს. მისივე ცნობით, SpaceX-ი IPO-სათვის საჭირო ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად კონსულტაციებს ბანკებთან უკვე გადის და სავარაუდოდ პროცესი 2026 წლის ივნისისთვის დასრულდება.
მოგეხსენებათ, იმისათვის, რომ კომპანიამ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე საკუთარი აქციების საჯაროდ განთავსების უფლება მოიპოვოს, სხვადასხვა სახის ნებართვა სხვადასხვა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა გასცეს.
ცნობისთვის, აქამდე ერთადერთი კომპანია, რომელმაც IPO $1-ტრილიონზე მაღალი შეფასებით განახორციელა, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ა. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა. ყველა სხვა კომპანიას, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც დღეს $1 ტრილიონზე მეტია, ამ ღირებულების მისაღწევად ათწლეულები დასჭირდა.
SpaceX-ის მიზანი IPO-ს შედეგად მიღებული ფინანსების კოსმოსური მონაცემთა ცენტრების აშენებისა და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ნახევარგამტარების შესაძენად გამოყენებაა.
















