„შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა — მიზეზები

„შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა — მიზეზები

დღეს მთავარი ამერიკული საფონდო ინდექსების ფიუჩერსები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თითოეული მათგანი 2%-ზე მეტით დაეცა. Dow-ის ფიუჩერსები 500 პუნქტზე მეტით, დაახლოებით 1.2%-ით გაიზარდა, S&P 500-ის ფიუჩერსები კი – 1.3%-ით. ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულ Nasdaq-ზე 1.5%-იანი ზრდა აღინიშნა, რაც დიდწილად ე.წ. „შესანიშნავ შვიდეულში“ შემავალი კომპანიების აქციების ფასების მატებამ განაპირობა.

მათ შორის ყველაზე მკვეთრი ზრდა ჩიპების მწარმოებელმა Nvidia-მ აჩვენა, რომლის აქციებიც, კომპანიის მიერ ოთხშაბათისთვის დაანონსებული ფინანსური ანგარიშის მოლოდინში, 2.5%-ით გაძვირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა „შესანიშნავ შვიდეულში“ შემავალი სხვა კომპანიების – Apple (+1.6%), Tesla (+2.2%), Microsoft (+1.2%), Meta (+2.2%), Amazon (+1.5%) და Alphabet (+1.5%) – აქციების ღირებულებაც.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, საფონდო ბირჟებზე დადებითად აისახა დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის გამოცხადებული 50%-იანი ტარიფების გადავადება. შეგახსენებთ, პარასკევს ტრამპი EU-ს 1-ელი ივნისიდან საქონლის იმპორტზე 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა, თუმცა მოგვიანებით მან ბლოკისთვის გადასახადები 9 ივლისამდე შეაჩერა. აშშ-ის პრეზიდენტმა კვირას განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას „მალე შეხვდებოდა“, „რამე სახის შეთანხმების მისაღწევად“.

ამასთან ერთად, „შესანიშნავ შვიდეულის“ აქციების ზრდაზე სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა. მაგალითად, Nvidia-მ პირველი კვარტლის შემოსავლების ანგარიში ოთხშაბათს, ბაზრების დახურვის შემდეგ უნდა გამოაქვეყნოს, FactSet-ის მონაცემებით კი, ჩიპების მწარმოებელი სავარაუდოდ ერთ აქციაზე $0.88-ის შემოსავალს და $43.3 მილიარდი დოლარის მთლიან შემოსავალს აჩვენებს. შედარებისთვის, Nvidia-მ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ერთ აქციაზე $0.61-ის შემოსავალი და $26 მილიარდი დოლარის მთლიანი შემოსავალი მიიღო.

ინვესტორებში დადებითი მოლოდინი გაჩნდა Tesla-ს მიმართაც, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ „სამსახურში 24/7 რეჟიმში მუშაობას დაუბრუნდებოდა“ და აღნიშნა, რომ ის „ძალიან კონცენტრირებული უნდა იყოს X/xAI-სა და Tesla-ზე“. მასკმა ისიც თქვა, რომ ელექტრომობილების მწარმოებლის CEO-ს პოსტზე კიდევ ხუთი წლით დარჩება.