ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე „ვალენსიასთან“ შეთანხმებას მიაღწია. ქართველი მეკარე ინგლისურ კლუბს 2025 წლიდან შეუერთდება, მანამდე კი, იჯარის წესით „ღამურების“ შემადგენლობაში ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება დღეს არის დაგეგმილი და კონტრაქტის ოფიციალურ გაფორმებასაც მალევე უნდა ველოდოთ. როგორც ირკვევა, ინგლისელები მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანელებს 35 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ინგლისელებს გიორგი მამარდაშვილით ბრაზილიელი ალისონ ბეკერის ჩანაცვლება სურთ, რომელიც „ლივერპულში“ დარჩენას სულ მცირე ერთი სეზონით აპირებს. აღსანიშნავია, რომ გიორგის იჯარით კლუბში წასაყვანად მზაობას „ბორნმუთი“ გამოთქვამდა, თუმცა ქართველი მეკარე ამ წინადადებას არ დასთანხმდა და მსგავსი პირობით „ვალენსიაში“ დარჩენა ამჯობინა.
შეგახსენებთ, 18 ივლისს Transfermarkt-ის მიერ მონაცემების განახლების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა (ამ სტატუსს პორტუგალიელ დიოგუ კოშტასთან ინაწილებს). ამ დროისთვის მისი საბაზრო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში, „ვალენსიის“ მიერ გიორგი მამარდაშვილის შეძენის პერიოდში, ქართველის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ესპანურმა კლუბმა მამარდაშვილის იჯარის დასრულების შემდეგ „დინამო თბილისისგან“ ფეხბურთელის შესყიდვა გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ სულ რაღაც 850 ათასი ევრო გადაიხადა.
ქართველი მეკარის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მის მიერ EURO 2024-ზე ნაჩვენებ შთამბეჭდავ შედეგებს უკავშირდება. მამარდაშვილმა ტურნირზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიება დააგროვა.