საბჭოთა საქართველოში დაბადებულმა ჯორჯ არისონმა “შეუძლებელი ცხოვრება” ირაკლი არეშიძის ამერიკულ ოცნებად აქცია. სან-ფრანცისკოში დაარსებული კომპანიისთვის ქართველმა დამფუძნებელმა ოთხ წელიწადში $275,000,000 მოიზიდა.
ახლა 2018 წლის ცხელი შემოდგომა დგას და ირაკლი არეშიძესთან ბოლო შეხვედრიდან 15-წლიანი შესვენების შემდეგ ჯორჯ არისონს “თბილისი რუმსში” ვხვდებით. მშობლიურ ქალაქში შვებულების დროს მისი ჩამოსვლის მაცნე ილიაუნის ანონსი აღმოჩნდა. სან-ფრანცისკოში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მეწარმე და სტარტაპერი, ჯორჯ არისონი, თბილისში “სტარტაპ გრაინდის” მორიგ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
Shift Technologies-ი 2014 წელს დააარსა და $275,000,000-ზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო.
Shift-ი მეორეული მანქანებისთვის გაყიდვების ონლაინპლატფორმაა, რომლის საშუალებითაც მანქანა წელს 9 000-მდე ადამიანმა იყიდა. Shift-მდე, 2007-ში, ის Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი იყო, რომელიც დღეს Curb-ის სახელით არის ცნობილი და რამდენიმე შტატში აქტიურადაც იყენებენ. Curb-ი – ტაქსის სერვისის ონლაინაპლიკაცია – ჯერ კიდევ Uber-მდე შეიქმნა. საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე კი ჩვენი რესპონდენტი Google-ში პროდუქტის მენეჯერად მუშაობდა. იყო ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის წევრიც, თუმცა ყველაფერი მაინც საქართველოდან იწყება.
1978 წელს, მაშინ როცა რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ეპოქისათვის უცხო, გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლებისას მისი მშობლების თაობა საბჭოთა ხელმძღვანელობისგან კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის შენარჩუნებას მოითხოვდა, ორი წლის იყო და ინგლისურის სწავლაც ამ დროს დაიწყო. მიზეზი მარტივი გახლდათ: მის სამშობლოში საბჭოთა რეალობისთვის სრულიად წარმოუდგენელ მომავალზე მამა მტკიცედ და დაჟინებით საუბრობდა. “მამაჩემი ცოტა გადარეული იყო. 70-80-იან წლებში ამბობდა, რომ მისი შვილები ამერიკაში იცხოვრებდნენ, – ამბობს ირაკლი არეშიძე და თან არც საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა ავიწყდება. – აშშ-ში 1992 წელს წავედი და სულ ვფიქრობდი, რომ 10-15 წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებოდი”. გეგმები იმ ქვეყანას უკავშირდებოდა, რომლის ხსენებაც მეგობრებში ყოველთვის მოკლე გეოგრაფიულ ექსკურსს ითხოვდა “Georgia is the country, not the state “.
დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა მის ცხოვრებაშიც და საქართველოს ცნობადობის მხრივაც. “დღეს, როცა საქართველოს ვახსენებ, ძალიან ხშირად პასუხად ვიღებ, რომ მას იცნობენ და მიყვებიან ამბებს, როგორ ჩავიდა ცოტა ხნის წინ მათი მეგობარი საქართველოში და საინტერესო ადგილებში იმოგზაურა”.
მოსწონს ტურიზმის სფეროში ქვეყნის წინსვლა, ბევრი სასტუმრო, სტატიები მის სამშობლოზე საერთაშორისო გამოცემებში და გვერდს მაინც ვერ უვლის იმის აღნიშვნას, რომ “ეკონომიკა საქართველოში ჯერ ისეთი ძლიერი არ არის, ხალხმა კარგად იცხოვროს”.
ახალგაზრდული წლებისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას შედარებით დოზირებულად ეცნობა. ამბებს ყოველკვირეულად Civil.ge-ზე კითხულობს და მიმდინარე სიახლეებს კვირაში ერთხელ მამასთან საუბარში განიხილავს. საკუთარი და თან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია მაინც ბევრ საკითხთან დაკავშირებით აქვს. მისი გადმოსახედიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სოციალურ ფენებს შორის სხვაობაა. “სიტუაცია, როცა ქვეყანაში არიან ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები და შუაში არაფერია, ქვეყნის განვითარებისთვის კარგი არ არის. კარგია, თუ ბევრი ძალიან მდიდარი ადამიანია, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უნდა იყოს რამე მეთოდი, რომ ფული აქედან დაბლაც ჩამოვიდეს. ეს მთავრობამ არ უნდა გაანაწილოს, ამას ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოფდეს”.
ჯორჯ არისონთან საუბრისას მოქმედი მთავრობის ეკონომიკურ ხედვებსა და სტრატეგიაზე საფუძვლიანი დისკუსიის დრო ამჯერად არ მოგვცემია, მაგრამ როცა მოქმედი ხელისუფლების მიმართ სიმპათიებს გამოხატავს, აზრის ოპონენტებისათვის პასუხი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებულ კითხვებზეც მზად აქვს. მაგალითად სონია განდი მოჰყავს, რომლის მიმართაც, როგორც თავად აღნიშნავს, ინდოეთში 8-წლიანი მმართველობისას არადემოკრატიულობაზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს. არც იმაშია დარწმუნებული, საქართველოში არაფორმალური მმართველობა საერთოდ თუ არის, თუმცა ამაშიც მხოლოდ დადებითს ხედავს. “კარგია, რომ საქართველოში ასეთი ექსტრაკონსტიტუციური ძალა არსებობს, რომელიც, ვიდრე მთავრობა ვითარდება, მისი მაკონტროლებელი და დამბალანსებელია”. იცის, რომ არაპოპულარული მოსაზრებების გამო შეიძლება გააკრიტიკონ კიდეც, მაგრამ ეს, წარსული პოლიტიკურად აქტიური გამოცდილების მიუხედავად, ვერ მოიშალა. მის წიგნში Democracy and Autocracy in Eurasia: Georgia in Transition თავმოყრილი შეფასებები 2003-2004 წლების პოლიტიკურ პროცესებზე 15-წლიანი გადასახედიდანაც უცვლელია. “საქართველომ შედეგებს 2012 წლის შემდეგ მიაღწია. 2003 წლიდან 2012 წლამდე, მე არ მგონია, რომ რამე წინსვლა იყო. პირიქით, ამ პერიოდში ხალხის განვითარებასა და პოლიტიკის განვითარებაში უკანსვლა იყო. ამის მერე უნიკალური რაღაც მოხდა, ვიღაცას აღმოაჩნდა იმდენი ფული, რომ შეძლო, ქვეყანა დაებრუნებინა იმ რელსებზე, როცა ქვეყანას დემოკრატიულად განვითარება შეეძლო”.
ყოფილი ფორმაციის დამსახურებად არც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესს მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იცის, 100%-იანი ძალაუფლების დათმობის პრეცედენტები იშვიათია, განსაკუთრებით – ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში. პოლიტიკურად აქტიური წარსულის მქონე ბიზნესმენი ამაშიც ფულის გავლენაზე მიგვითითებს. “ეს არ იყო მათი დამსახურება. ეს ამერიკელებმა უთხრეს, რომ თუ ასე არ მოხდებოდა, ცუდად დაამთავრებდნენ. მე ვიცი, რომ ასე იყო და ეს მოხდა იმიტომ, რომ ივანიშვილს ვაშინგტონის ლობისტების ნახევარის დასაქირავებლად საკმარისი ფული ჰქონდა”.
Forbes-ი მილიარდერთა სიის ქართველ წარმომადგენელს პირადად არ შეხვედრია და დიდად არც მოქმედი მთავრობის სხვა წევრებს იცნობს. კავშირი და ნაცნობობა 2003-2004 წლებში პოლიტიკურად აქტიურ ძალებთან უფრო ჰქონდა და ეს ერთგვარად მისი მომავალი წარმატების მიზეზიც გახდა. პოლიტიკურ რეალობასთან დაპირისპირება შტატებში დაბრუნების გადაწყვეტილების მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო. მეორე – იქაური მეგობრები, ახლობლები და გარემო, რომელიც საქართველოში 18 თვით ჩამოსვლისას ძალიან აკლდა.
ასე დაიწყო ირაკლი არეშიძის გზა ჯორჯ არისონობამდე. ახალი სახელის შერჩევაშიც დედა იყო ჩართული. iPhone-ების ერამდე ჯერ კიდევ Blackberry-ის მომხმარებელი 2007-2008 წლებში, როცა სხვა კომპანიებს Taxi Magic-ის სერვისს სთავაზობდა, საუბრის დაწყების პირველი ათი წუთი სახელის წარდგენას ეთმობოდა. უცხო წარმომავლობის “ირაკლი არეშიძე” ხშირად საქმიან საუბარს მცდარ მიმართულებას აძლევდა და პოტენციური პარტნიორები ფიქრობდნენ, რომ ყურმილის მეორე მხარეს მყოფი ადამიანი მძღოლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობას ითხოვდა. ახალ ცხოვრებაში ძირითად სახელად მამის სახელი აირჩია და გვარის ნაწილი თარგმნა – არე-son.
პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას პრაქტიკული მიდგომა იყო პირველი საქმის დაწყების ინსპირაციაც. ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობისას ხშირმა მივლინებებმა გააჩინა კითხვა, რატომ არ შეიძლება ტაქსის ქუჩაში გაჩერების საკმაოდ პრობლემური პროცედურა ტელეფონში ერთი აპლიკაციით მოგვარებულიყო? დღეს ეს არც სიახლეა და არც გამოწვევა. Uber-ისა და Lyft-ის სამშობლოში კი მათ ბაზარზე გამოჩენამდე ბევრად ადრე Taxi Magic-ი იყო, ქართველი დამფუძნებლით. ჯორჯ არისონისა და მისი პარტნიორი ტობი რასელისთვის შეცდომებით დაწყებული პირველი კომპანიის შენების პროცესს ამ გადმოსახედიდან იუმორით განიხილავს. ბევრი საინტერესო შექმნეს და სფეროში წარმატება მაინც სხვას ერგო. მიზეზებზე საუბარი მარტივად ასე შეიძლება: Taxi Magic-ი ბაზარს მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდა, დანარჩენი მომსახურება კვლავ ტაქსის კომპანიების ხელში რჩებოდა. ამ დროს ბაზარზე გამოჩნდა Uber-ი, რომელმაც თქვა, რომ ექნებოდა ყველაფერი. და მან ეს ყველაფერი მიიღო კიდეც. ცოტა მოგვიანებით Lyft-ის კონკურენტობისას კონცეფციის გადახედვა მასაც მოუხდა, თუმცა ეს უკვე სხვების ბიზნესია. სხვები მართავენ ჯადოსნური ტაქსის ბიზნესსაც, ოღონდ Curb-ის სახელით. ირაკლი არეშიძე და ტობი რასელი კი საკუთარის წარუმატებლობით უკეთესი დამფუძნებლები გახდნენ.
“ყველაზე კარგი დამფუძნებლები არიან ისინი, რომლებიც ერთი კომპანიის დაფუძნებით რაღაც გამოცდილებას იძენენ, იგემებენ წარმატებას, ბოლომდე ვერ მიჰყავთ ერთი საქმე და შემდეგ რაღაც სხვა კომპანიას აარსებენ. სილიკონის ხეობაში წარუმატებლობა წახალისებულია. წარუმატებლობის მაგალითით სწავლა კარგია და არა ცუდი”.
სწავლაც პირობითია, წარმატების სრულყოფილი ფორმულა სტარტაპების ერაში არ არსებობს. ძნელია გადაჭრით იმის თქმა, როგორია მილიონდოლარიანი იდეა, მაგრამ ზუსტად შეიძლება თქმა, რომ მილიონიანი იდეითა და ინვესტიციით შედარებით ბევრ ფულს მოიგებ. ფული პირველი ექვსნიშნა რიცხვის მოცულობით დღეს არც ისე ბევრია. ჯორჯ არისონისთვის პირველი კომპანიის მშენებლობისას 24 თვეზე გაწერილი 2.5 მილიონის ინვესტიცია დიდი ფული იყო. დღეს სტარტაპის პირველი სერიისთვის 3.5 მილიონი აქვს მიღებული და არც ესაა ზედა ჭერი. ათ წელიწადში შეცვლილმა რეალობამ დამწყებ ბიზნესებს სასტარტო დაფინანსებისათვის 5-10 მილიონის შესაძლებლობა მისცა. “საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპების კაპიტალი ძალიან გაიზარდა. საწყის ეტაპზე ფულის შოვნა ძალიან მარტივია და მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ხარჯების შემცირებას ყველა ელოდა, ყველაფერი პირიქით მოხდა. დღეს ყველა ხარჯავს ბევრს იმისთვის, რომ ბიზნესმა ფეხი აიდგას. დღეს მილიონი დოლარი ბევრი აღარ არის”.
სხვაობა მილიონსა და მილიარდს შორის სტარტაპების მექაშიც დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. unicorn-ების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, მსოფლიოში სულ 10-15 კომპანია თუ მოიძებნება, რომელთაც ნახევარ მილიარდზე მეტად ღირებული სტარტაპის შეძენა შეუძლიათ. რიცხვები დღეს მხოლოდ პირობითია – ხვალ რა იქნება, არავინ იცის. ბაზარი მზარდია და კონკურენტული. “მგონია, რომ სულ მალე ინვესტიციებში ვენჩურული კაპიტალის უფრო დიდი აფეთქების მომსწრენი გავხდებით. გასათვალისწინებელია ჩინეთის ფენომენი, სადაც ეკონომიკის ბუმია და ჩინურ სტარტაპებში ძალიან დიდი ფული იდება. დღეს პირველად ვხედავთ, რომ ტექნოლოგიების დეველოპმენტში ამერიკის გარდა სხვა ქვეყანასაც აქვს გავლენები. რა თქმა უნდა, ჯერ შტატებს ვერ ეწევა, მაგრამ დაეწევა…”
ირაკლი არეშიძისთვის ის, რომ სტარტაპებში სულ უფრო მეტი ფული იდება, ისევეა კარგი, როგორც ცუდი. დამქირავებელს დასაქმების ბაზარი დაბალანაზღაურებად კადრებს აღარ სთავაზობს. 30%-ით გაზრდილი ხარჯები და, შესაბამისად, გაზრდილი ინვესტიცია მოლოდინსაც და შედეგის მიმართ მოთხოვნასაც ზრდის.
წარმატებული ქართველი ანტრეპრენიორის პირად ემოციებთან ერთად, ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ხუთი წლის ქართული ოფისი აამუშავა. ქართული გუნდი დღეს 70 თანამშრომლისგან შედგება. ვიდრე შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა მოხდებოდა, 120 ადამიანს ასაქმებდა და, როგორც ამბობს, Shift-ის წარმატებისთვის მათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს. სამშობლოსთან ამ ფორმით კავშირის გაწყვეტას არც კი განიხილავს, მით უმეტეს “სტარტაპ გრაინდის” ქართველი მონაწილეების გაცნობის შემდეგ, რომელთა კვალიფიციურობა და იდეებიც მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. “გაოცებული ვარ იმ ნიჭიერებით, რაც აქ დამხვდა. ამას სრულიად არ ველოდი. მათ ბევრი იციან ტექნოლოგიების შესახებ. იციან ისიც, რა რისკის გაწევა შეუძლიათ”. მიაჩნია, რომ შეხვედრაზე მისული ახალგაზრდები დღეს გამოწვევებისთვის იმ ფორმით არიან მზად, რაც ქართული კულტურისგან განსხვავებულ უნარებს საჭიროებს. მათ კი კიდევ უფრო მეტი მაგალითი სჭირდებათ. ინტერნეტის სამყაროში წარმატება სწრაფად ზიარდება. მაგალითებიც უფრო ადვილად ხელმისაწვდომია, ვიდრე ეს თუნდაც სტივ ჯობსის პირველი გამოგონებებისას იყო. ინფორმაციულ ნაკადში ბევრი ისეთიც ხვდება, ყველაზე უკეთ საპნის ბუშტის ეფექტს რომ შეადარებ. “დღეს ტექნოლოგიების ბუმია და ჩვენ ვართ ერაში, როცა ეს ტექნოლოგიები ძალიან ბევრს შეცვლის, მაგალითად, ისე, როგორი გავლენაც ინტერნეტს ჰქონდა. პირველი ასეთი ნიშანი ბლოკჩეინია, რომელიც ახალ ინტერნეტს შექმნის. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ, როცა ამდენი აზრიანი ადამიანი ერთად მუშაობს, რაღაც ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს”. მეორე გამოწვევა ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური რეალობაა. ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებს სამედიცინო სფეროში პროგნოზირებს და Forbes-სთან საუბარში ვერც იმას მალავს, რომ ყველაფერს სილიკონის ხეობისგან არ უნდა ველოდოთ. ამ ყველაფერში ფინანსებიც შედის, ვენჩურული ფონდების აფეთქებაც და იდეებიც, რომლებიც სამყაროს შეცვლიან.
ირაკლი არეშიძე საკუთარ კომპანიაში 12-14-საათიანი სამუშაო გრაფიკის დღეებს და შედეგებს როცა ითვლის, არც იმის აღიარებას ერიდება, რომ Shift-ისთვის ნიუ-იორკში უფრო მეტი ფულის მოძიება მოახერხა, ვიდრე სან-ფრანცისკოში და იქვე დასძენს, რომ ნიუ-იორკში ფულის საშოვნელად ბიზნესმა ჯერ Sand Hill Road-ზე უნდა გაიაროს.
მისი გზა Shift-ის საჯარო კომპანიად ქცევის შესაძლებლობამდე წელიწადზე გრძელია. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ოთხი წლის წინ დაწყებული კომპანიის შეფასებისას მისი დამფუძნებლისგან 0-ზე მეტი ციფრი ვერ მოვისმინეთ. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. “კომპანიის ფასი არის 0, ვიდრე საჯარო კომპანია არ გახდები ან ვიდრე ვინმე არ გიყიდის”. იქნება თუ არა შეთავაზება? არ იცის. ერთმნიშვნელოვნად დასთანხმდება თუ არა ასეთ შეთავაზებას? არც ეს. ის, რაც ზუსტადაა გაწერილი – მომავალი წლის გეგმაა. თუ 2018 ში Shift-ის დახმარებით ნაყიდი მანქანების რაოდენობა 9 000-ს აღწევს, 2019-ში ეს რიცხვი 20 000 უნდა იყოს. ეს კი საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ არჩევანი, გახდეს თუ არა კომპანია საჯარო, არსებობდეს და პასუხი მხოლოდ განვითარების მომავალ სტრატეგიაზე იყოს დამოკიდებული.
მარტივი არაფერი არ არის. არც სილიკონის ხეობაში. არსადაც. ბევრი სტარტაპი Facebook-ის მაგალითის გამეორებას ვერ შეძლებს. ასეთი იდეები საარჩევნო ციკლივითაა, ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ ჩნდება. და მაინც, არ არსებობს იდეა, რომლის ბოლომდე მიყვანაც არ ღირს. “მე ჩემს თანამშრომლებს ვეუბნები ხოლმე: ნუ გგონიათ, რომ რამე შეუძლებელია, რადგან მთელი ჩემი ცხოვრებაა შეუძლებელი”.
ზოგს ეს მოსწონს, ბევრს ძალიან არ მოსწონს, მაგრამ ეს ასეა. “ვინმეს რომ ეთქვა 77 წელს საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანისთვის, რომ ის ახლა გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამის შანსი მილიონში ან 100 მილიონიდან ერთი იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შეუძლებელი იყო”.
მან ეს შეძლო. ირაკლიმ და ჯორჯმაც.