ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა, ბილ მაერის პოდკასტ Club Random-ში უკრაინის ომზე, მათ შორის ომში აშშ-ის ჩართულობასა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და საქართველოში არსებულ ვითარებასაც შეეხო. პენმა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში ოთხჯერ იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ომში კიევის გამარჯვების მტკიცედ სწამს.
უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვა პოდკასტის წამყვანმა ბილ მაერმა კიევის მხრიდან დრონებით განხორციელებული ბოლოდროინდელი შეტევებით დაიწყო. შონის განცხადებით, ის ბოლოს უკრაინას გასულ თვეში ესტუმრა და შესამჩნევია, თუ როგორ შეიცვალა ომის მიმდინარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რადგან ის თითქმის სრულად დრონებისა და არტილერიის დაპირისპირებად გადაიქცა.
ამის შემდგომ კი, მაერის კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაარწმუნოს უკრაინამ ჯარისკაცები, იბრძოლონ თითქმის განწირულ ომში, შონმა შემდეგი პასუხი გასცა: „თავიდანვე ვამბობდი და მას შემდეგაც ყოველდღე ვგრძნობ, რომ ეს ომი გაგრძელდება და უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ეჭვი არ მეპარება“. პენი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინა სრულად შეძლებს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და დაუბრუნდეს ომამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას.
ამ განცხადების შემდგომ მაერმა და პენმა პუტინის პოლიტიკური ქმედებები შეაფასეს და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ რუსეთი საკმარისად ძლიერი არაა იმისათვის, რომ თავის მიზანს – საბჭოთა კავშირის აღდგენას მიაღწიოს. შონის შეფასებით, სწორედ მაშინ, როდესაც პუტინი ხედავს, რომ მისი რეიტინგი ეცემა, ის რუსი ხალხის მანიპულირებას ცდილობს და ომს იწყებს.
„შეხედეთ, რა ხდება საქართველოში და გაიხსენეთ, რა მოხდა უკრაინაში და რა მიზანი ჰქონდა მას [პუტინს]. შეჭრამდე ზეწოლა იყო [უკრაინაზე], რომ ქვეყანაში [რუსეთს] მარიონეტი და წარმომადგენელი ხელისუფლება ჰყოლოდა“, – განაცხადა შონმა. ამერიკელი მსახიობის შეფასებით, პუტინმა ღიად აღიარა, რომ მან ომი ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოუცხადა და არაერთგზის დაადანაშაულა უკრაინა, რომ ქვეყანაში ამერიკის წარმომადგენლობითი ხელისუფლება ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ შონ პენი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. 2023 წლის 24 თებერვალს პენმა კიევში გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Superpower, ბერლინის კინოფესტივალზე წარადგინა, რომელშიც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობს.