შვეიცარიის პრეზიდენტმა კარინ კელერ-ზუტერმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნება, თუ ცნობილი თანამემამულეები, ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ან FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შუამდგომლობას გაუწევენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის გადაწყვეტილებით, შვეიცარიულ საქონელზე 39%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფია, რომელიც ტრამპის განკარგულებით გასულ კვირაში ამოქმედდა.
ზოგი შვეიცარიელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ტრამპთან შუამდგომლობითვის ინფანტინო კარგი კანდიდატია. ამის განსამტკიცებლად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ივლისში, ნიუ-ჯერსიში გამართულ FIFA-ს საკლუბო მსოფლიო თასის ფინალს დაესწრო. შვეიცარიული მედიის ცნობით, ტრამპზე გავლენა შესაძლოა ფედერერის მიმართ სიმპათიამაც მოახდინოს.
„თუ მისთვის ნაცნობი პირები დაელაპარაკებიან, წინააღმდეგი არ ვართ,“ — აღნიშნა კელერ-ზუტერმა შვეიცარიულ ტელეარხ Tele Zueri-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს არ არის ოფიციალური სტრატეგია და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მთავრობა გააგრძელებს, თუმცა არა „ნებისმიერ ფასად“.
შვეიცარიის პრეზიდენტის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ტარიფების შემცირებაზე მოლაპარაკებები ოქტომბრამდე დასრულდება. მან აღნიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიები აშშ-ში დიდ ინვესტიციებს დებენ და ამხელა გადასახადი უსამართლოა. ამასთან, კელერ-ზუტერმა ხაზი გაუსვა, რომ შვეიცარია პატარა ქვეყანაა და პოლიტიკური გავლენა შეზღუდული აქვს, რაც მოლაპარაკების სივრცესაც ამცირებს.